ცნობილია, რომ ამ დროისთვის გერმანიიდან საქართველოში 350 ვაკანსიაა შემოსული, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე ლეგალური დროებითი დასაქმების სქემა კი ახალ – კანდიდატების შერჩევისა ეტაპზე გადავიდა. ასევე ცნობილია, რომ თითოეული ვაკანსია 3–თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. შერჩეული კანდიდატების მცირე ნაწილი გერმანიაში აპრილის პირველ რიცხვებში უნდა გაემგზავროს, უმეტესი ნაწილი ივნისში, ივლისში და ოქტომბერშიც.
როგორც ნინო ველთაური „აქცენტს“ უამბობს, გერმანულ მხარეს ქართულთან არ დაუფიქსირებია პოზიცია, მაქსიმუმ რამდენი მოქალაქის მიღებას შეძლებს და ყველაფერი დამოკიდებულია თავად ვაკანსიების არსებობაზე, გერმანიაში კი სეზონურ სამუშაოზე მუშახელის მოთხოვნა მაღალია.
რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი:
სად იღებს დასაქმებული ხელფასს და ვინ ექვემდებარება 25%–იან დაბეგვრას?
საწყის ეტაპზევე გაჟღერდა, რომ 5%–იანი საშემოსავლო გადასახადი მოქმედებს, რომელიც ყველაზე დაბალი საშემოსავლო გადასახადია სეზონურ სამუშაოზე დროებით დასაქმებულებისთვის. თუმცა გაირკვა ისიც, რომ რიგი მოქალაქისთვის შესაძლოა, ჩაირთოს სოციალური დაზღვევის გადასახადი, რაც ეკონომიკურ სტატუსზეა დამოკიდებული.
როგორც ნინო ველთაური განმარტავს, გერმანულმა მხარემ მოამზადა სპეციალური კითხვარი, რომლის მიხედვითაც სწორედ გერმანული მხარე განსაზღვრავს, უნდა დაიბეგროს თუ არა პირი სოციალური დაზღვევის გადასახადით, თუმცა ამის შესახებ მოქალაქე ინფორმაციას გამგზავრებამდე მიიღებს.
5%–იანი დაბეგვრა შეეხება:
პენსიონერს;
სტუდენტს;
დიასახლისს და მამასახლისს.
+20%–იანი დაბეგვრა შეეხება:
დასაქმებულს;
თვითდასაქმებულს.
აღნიშნულ გადასახადს მოქალაქე იხდის გერმანიაში გამომუშავებული თანხის აღებისას.
ამასთან, ნინო ველთაური გვეუბნება, რომ მოქალაქე გამომუშავებულ თანხას იღებს გერმანიაშივე ნაღდი ფული სახით, ან გერმანული საბანკო ანგარიშით – ეს მხარეებს შორის შეთანხმების საგანია და მოქალაქე თავად განკარგავს საკუთარ შემოსავალს:
„შემოსავალი იბეგრება ერთხელ და იმ ქვეყნის კანონმდებლობით, რომელ ქვეყანაშიც ხდება სამუშაო შეთანხმება. ხაზგასმით ვამბობ, რომ ორმაგად არ იბეგრება“.
ამასთან, კითხვას, საბანკო ვალდებულებები შესაძლებელია თუ არა, რომ მოქალაქისთვის ქვეყნიდან გამგზავრებისას შემაფერხებელ გარემოებად იქცეს, ნინო ველთაური პასუხობს: „ეს სასაზღვრო დეპარტამენტის კომპეტენციაა და ამიტომ, მე არ ვუპასუხებ, მაგრამ აქამდე მოგზაურობის დროს ვინმესთვის ხელი შეუშლია სასესხო ვალდებულებებს? და ამ საკითხს ახლა დასაქმების სქემას რატომ უკავშირებენ, არ მესმის?“.
ანაზღაურება
გაზაფხულისთვის შემოსულ ვაკანსიებზე მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 9,5 ევროა, თუმცა ივნისიდან იცვლება და ხდება 9,6 ევრო, რაც ვაკანსიებშიარის მითითებული.
ამასთან, ნინო ველთაური განმარტავს, რომ გერმანული კანონმდებლობით, თუ საათობრივი შემოსავალი 13 ევროს ასცდა (ეს ეხება ნებისმიერ სფეროს), განსხვავებული დაბეგვრის სისტემა მუშაობს და არა 5%–იანი.
რომელ კულტურებთან უწევთ მუშაობა
ნინო ველთაური გვეუბნება, რომ ვაკანსიები შეეხება მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას.
რიგ ვაკანსიებში მითითებულია ალუბალი, მარწყვი, სხვადასხვა ბოსტნეული. ამასთან, შესაძლოა, დასაქმებულებს ტექნიკასთან მოუწიოთ ურთიერთობა, თუმცა თუ მსგავსი მოთხოვნა დამსაქმებელს ექნება, ეს სამუშაოს აღწერილობაშიც იქნება მითითებული, მსგავსი ვაკანსიები კი საქართველოში ამ დროისთვის შემოსული არ არის.
ხარჯები
ნინო ველთაური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ შერჩეული კანდიდატი გერმანიაში გამგზავრებამდე უზრუნველყოფს პისიარ–ტესტის საფასურს, იღებს ჯანმრთელობის ცნობას, ნასამართლეობის ცნობას (10–დღიან ვადაში აღება უფასოა, დაჩქარებული წესით – ფასიანი), თავად ფარავს გამგზავრებისა და დაბრუნების საფასურს (ორივე მიმართულებით ბილეთის ფასი ჯამში, დაახლოებით, 1 300 ლარი).
ამასთან, ნინო ველთაური ამბობს, რომ დასაქმებულს თან უნდა ჰქონდეს დაახლოებით, 300 ევრო, რომელსაც ხელფასის აღებამდე კვებითი მიზნებისთვის გამოიყენებს.
რაც შეეხება საცხოვრებელი კომპლექსებს, ნინო ველთაურის განმარტებით, გერმანიაში მოქმედებს გარკვეული სტანდარტები და მთავარია, საცხოვრებელი კომპლექსი მას აკმაყოფილებდეს.
„ეს კომპლექსები მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების არ არის აშენებული: დამსაქმებელი მას წლებია, სეზონური მუშაკებისთვის იყენებს. ლოგიკიდან გამომდინარე, ეს კომპექსები ღირსების შემლახველი რომ იყოს, არც სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, მით უფრო, ევროპის მოქალაქეეზე ვსაუბრობთ, არ აქვთ ნაკლები მოთხოვნები სამუშაო და საცხოვრებელი პირობებს მიმართ. არასწორი მოლოდინია, რომ ის ყველას მისთვის მოსაწონი საცხოვრებელი კომპლექსი ექნება. არსებობს მინიმალური სტანდარტი, რაც დაცული უნდა იყოს.
ამასთან, გამგზავრებულ მოქალაქეებს აუცილებლად ეყოლებათ საკომუნიკაციო პირი და თუ რაიმე ფორმით ირღვევა მათი უფლება, კომუნიკაცია ჰქონდეთ. გამგზავრებამდე მათ ძალიან დეტალურად განემარტებათ, რა არის სამუშაო უფლება და რა შემთხვევაშიაის დარღვეული“.
ვრცლად https://accentnews.ge/