საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით – 3:2 დაამარცხა. ანგარიში 27-ე წუთზე გაიხსნა, ლელა ჭიჭინაძის გადაცემით თეონა ბაქრაძემ ისარგებლა და მეტოქეს ახლო მანძილიდან გაუტანა. შეხვედრა გიორგი ჩხაიძის გუნდის შეტევებით გაგრძელდა და პირველი ტაიმის ბოლო წუთზე საქართველოს ნაკრებმა ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. 45-ე წუთზე საკუთარ კარში ბურთი აზერბაიჯანელთა მეოთხე ნომერმა ნიგარ მირზალიევამ ჩაჭრა. მეორე ნახევარი განსხვავებული სათამაშო სცენარით დაიწყო, სტუმრები გააქტიურდნენ და თათია გაბუნიას კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა სხვაობის შემცირება 65-ე წუთზე შეძლო, 11-მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად კაპიტანმა, აისუნ ალიევამ, შეასრულა. დარჩენილ დროში ორივე გუნდის კარში თითო გოლი გავიდა. 82-ე წუთზე შეცვლაზე გამოსულმა ანასტასია ბოლქვაძემ მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში კი, საქართველოს ნაკრების კარი თავური დარტყმით აიშან აჰმადოვამ აიღო და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
საქართველო 3:2 აზერბაიჯანი