,,როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან მოქალაქეების გამგზავრება დაიწყო 2021 წლის აპრილიდან. დღეის მდგომარეობით, აღნიშნული შესაძლებლობით ისარგებლა და სულ დასაქმდა – 208 საქართველოს მოქალაქე“, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, გერმანული მხარის მიერ ყოველდღიურად ხდება ახალი სამუშაო ადგილების შესახებ ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის, საშემოდგომო სამუშაობზე. შესაბამისად, „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო პერიოდულად ჩააყენებს საზოგადოებას საქმის კურსში არსებული ვითარებისა და სტატისტიკის შესახებ“ -ამბობენ სააგენტოში.
გარდა გერმანიისა, საქართველოს შრომით მიგრაციაზე შეთანხმება გაფორმებული კიდევ 2 ქვეყანასთან აქვს – ისრაელთან და საფრანგეთთან. ისრაელში ძირითადად შინმოვლის სფეროს მიმართულებით, საფრანგეთში კი, როგორც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში აცხადებენ „პროფესიათა ჩამონათვალი ვრცელია“. თუმცა „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვაზე, კონკრეტულად რა პროფესიებზეა საუბარი, სააგენტოში ვერ დააკონკრეტეს.
ამასთან, ,,ბიზნესპრესნიუსის” კითხვაზე, თუ როდის შეძლებენ გამგზავრებას საქართველოს მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში, სააგენტოში ასე უპასუხეს: „კონკრეტულად როდის და რა ვადით გაემგზავრებიან მოქალაქეები აღნიშნულ ქვეყნებში ლეგალური დასაქმების სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების ფარგლებში, ამის თაობაზე საზოგადოებას დამატებით მიაწვდის ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო, როდესაც გამოიკვეთება კონკრეტული ვადები.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები აწარმოებენ მოლაპარაკებას განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებთან (ძირითადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან) დროებითი ლეგალური დასაქმების თაობაზე. ისე როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდება თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანასთან და რა პირობებზე მოხდება შეთანხმება“- განუცხადეს ,,ბიზნესპრესნუსს“ უწყებაში.