2020 წელს საქართველოში უფრო მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

2020 წელს საქართველოში უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა – გარდაცვლილთა რაოდენობა დაბადებულებისას 4 017-ით აღემატებოდა. 2020 წლის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 24 289 ბიჭი და 22 231 გოგოა. მეორე მხრივ, 2019 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 8.3%-ით გაიზარდა და 50 537 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ქ. თბილისში(13 878 პირი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში(764 პირი) რაც შეეხება დედის ასაკს, დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 30%-დან 28.4%-მდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 66.1%-დან 67.2%-მდე გაიზარდა. ასევე ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში, მათი წილი 3.8%-დან 4.4%-მდე გაიზარდა. საქსტატი საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს რეგისტრირებულია 16 359 ქორწინება, რაც 29.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 28.1 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის 30.7 წელს. მეორე მხრივ, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 7 643 ერთეული შეადგინა, რაც 31.8%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share