საქართველოს მთავრობის დადგენილებით, COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციები შეიცვალა. სხვა ბევრ წესთან ერთად, საქართველოში შემოსულ ყველა მოქალაქეს, რომლებიც ქვეყნის საზღვარს გადმოკვეთს, ვალდებულება აქვს, წარადგინოს ბოლო 72-საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი. ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია PCR-ტესტი 72 საათში კვლავ გაიმეოროს, ხოლო საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, აირჩიოს და შემოსვლიდან 8 დღის განმავლობაში იზოლაციაში გადავიდეს, ან 72 საათში მანაც PCR -ტესტი აიღოს.
საქართველოს საზღვრის კვეთის შემდეგ 72 საათში PCR-ტესტის განმეორების ვალდებულება აქვს როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო საზღვრის კვეთის შედეგად ქვეყანაში შემოსულ პირებს.
სოციალურ ქსელში, მოგზაურობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ჯგუფში მოქალაქეები ინტერესდებიან, შეახსენებს/გააფრთხილებს თუ არა წინასწარ რომელიმე ოფიციალური უწყება, რომ PCR-ტესტის ჩატარება მისთვის სავალდებულოა? სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ არის შემთხვევები, როცა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ტესტის განმეორებით ჩატარება დაავიწყდათ, ამიტომ აინტერესებთ, რა პროცესების გავლა მოუწევთ ამ შემთხვევაში და დაეკისრებათ თუ არა ჯარიმა?
კითხვებზე პასუხის მისაღებად BM.GE-მ რიგითი მოქალაქის სახელით მთავრობის სპეციალურ ცხელ ხაზზე, 144-ზე დარეკა.
როგორც ოპერატორმა განგვიმარტა, საქართველოში შემოსვლის შემდეგ 72 საათში PCR-ტესტის განმეორებით ჩატარების საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო აკონტროლებს, ხოლო ჯარიმების ნაწილს შს სამინისტრო აკოორდინირებს.
„მოქალაქეს, რომელიც საქართველოს საზღვარს კვეთს და ვალდებულია 72 საათის შემდეგ ჩაიტაროს PCR-ტესტი, საზღვრის კვეთისას ეს ინფორმაცია მიეწოდება, თუ როდის უწევს ტესტის ჩატარება. თუ ის ამას არ გააკეთებს, დაჯარიმდება 2000 ლარით“, – განმარტავს 144-ის ოპერატორი.
რაც შეეხება კითხვას, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე საზღვის კვეთამდე ჯარიმას არ გადაიხდის, 144-ის ოპერატორი ამბობს, რომ საზღვრის კვეთისას პრობლემები შეექმნება, დანარჩენ საკითხებს კი შსს არეგულირებს.