საქართველოს დამსახურებული არტისტი, ყველასთვის საყვარელი მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალთან ერთად გატარებულ დროს მისი მეგობრები “კვირის პალიტრასთან” იხსენებენ.
რომა რცხილაძე: – ჩემთვის თემური კვლავაც ცოცხალი იქნება. ის არის ადამიანი, ვინც შექმნა მთელი ეპოქა. თაობები დაიზარდნენ მის შემოქმედებაზე. თანამედროვე ქართულ სცენაზე თემური გამოირჩეოდა თავისი ხმით, ეს ხმა გაქრა და ვინ შეავსებს ამ ნიშას, არ ვიცი. ხომ ასეთი პროფესიონალი იყო, ხომ ასე უყვარდა ყველას, მაგრამ, ამავე დროს, იყო ძალიან უბრალო – არასდროს, ერთი წუთითაც კი ვერ იგრძნობდით მისგან ქედმაღლობას, უფრო და უფრო მეტი სიყვარულით იმუხტებოდა და ივსებოდა… ჩემი ძმა და თემური ქვისლები იყვნენ და ჩვენ კიდევ სხვა, ნათესაური ურთიერთობაც გვქონდა. მე ის მახარებს, ასევე დაგაინტერესებთ “ჯერ უნდა მოკვდე, ხელახლა რომ დაიბადო” – რას ჰყვებოდა თემურ წიკლაური გარდაცვლილ შვილზე, ცოლსა და მეგობრებზე “იყიდება საქართველო” – წავიდა თემურ წიკლაური და მოგონებად იქცა მისი არწივისებრი იერი” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია მომღერალზე რომ დატოვა ურთიერთობების დიდი წიგნი, რომელიც თაობებმა უნდა იკითხონ და – დიდი სიყვარული, რომელიც წლების განმავლობაში გვეყოფა.
საავადმყოფოში რომ იწვა, მაშინაც და მერეც, ჭორი რომ გავრცელდა, უამრავი ადამიანი მირეკავდა, უცნობებიც კი, და მის ამბავს მეკითხებოდნენ. ყველას ედარდებოდა, ყველა განიცდიდა, რადგან სახალხო იყო თემური. მის რეპერტუარში ჩემი 2 სიმღერა იყო და სულ მეუბნებოდა, გავასამოთო. დავპირდი, პანდემია რომ დამთავრდება, ახალ სიმღერას დაგიწერ-მეთქი, მაგრამ ვერ მოვასწარით…
ნუგზარ ერგემლიძე: – თემური ყველასთვის კარგი იყო – სამართლიანი, მოსიყვარულე და ყველას მომფერებელი, ყოველთვის ცდილობდა, ადამიანებისთვის გაეგო, სიმღერებსაც ისეთს ირჩევდა, მარტო თვითონ კი არა, ხალხს, მსმენელს რომ მოსწონებოდა. ურთიერთობაში ძალიან უშუალო, თავმდაბალი იყო. არასდროს მინახავს, რამე ამპარტავნული სიტყვა წამოსცდენოდა ან ქედმაღლურად მოქცეოდა ვინმეს. ცუდი არავისთვის გაუკეთებია, თბილი და გულისხმიერი იყო და სწორედ ამიტომაც უყვარდათ. 1970-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა ფილმში “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, მახსოვს, კონკურსის – “ჩვენ ვეძებთ ტალანტებს” პირველი გამარჯვებულიც იყო, მერე “ციცინათელადან” “ივერიაში” გადავიდა და ფიროსმანზე შექმნილი სიმღერა იმღერა: “მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ”, მართლაც რომ საუცხოოდ მოირგო ფიროსმანის როლი. რამდენჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს გასტროლებზე, ახლობლების ოჯახში… გაზაფხულზე ჩვენმა საერთო მეგობარმა სულ 4 ადამიანი მიგვიპატიჟა თავისთან. იმ ოთხში მე და თემური ვიყავით და მაშინ მოვეფერე. ვუთხარი, როგორ ვაფასებდი ბავშვობიდან, როგორ მინდოდა, მისი მეგობარი ვყოფილიყავი, ისე მოხდა, მართლაც მომეცა შენთან ყოფნის შესაძლებლობა და ამით ბედნიერი ვარ-მეთქი. ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა. მეგონა, გაუმკლავდებოდა ვირუსს. ძალიან დამწყდა გული, ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს. ვიცი, რომ თემური და მისი სიმღერები ყოველთვის ემახსოვრებათ, მაგრამ გული მწყდება, მას რომ ვეღარასდროს ვნახავ.
ბორის შხიანი: – დიდი მეგობრობა გვაკავშირებდა ერთმანეთთან, ბევრი სიმღერა მივუძღვენი მას, მისთვის შევქმენი. თემური განსაკუთრებული იყო თავისი ბუნებით, ღირსებებით. ხანდახან ეჭვი მეპარებოდა, ადამიანია თუ ხატი-მეთქი, ხალხი ისეთ სიყვარულს გამოხატავდა მის მიმართ. თვითონაც ძალიან უყვარდა ყველა, კი არ თამაშობდა, ასეთი იყო. მისთვის სიწმინდის გარდა სხვა არაფერი არსებობდა… საოცრად კარგი მეგობარი იყო, კეთილშობილი და გულისხმიერი. მახსოვს, ერთხელ ვკოჭლობდი, ფეხი მაწუხებდა, მტკივანი ადგილი ტუჩებთან მიიდო და მითბობდა, – ვიცი, ასე კარგია, აუცილებლად გიშველისო. მართლაც გადამიარა ტკივილმა, ამას რა დამავიწყებს. სანამ ცუდად გახდებოდა, ველაპარაკე. ვუთხარი, შენთვის ახალი სიმღერა მაქვს, რა თქმა უნდა, სიყვარულზეა, შენ რომ შეგეფერება, სწორედ ისეთი-მეთქი. გაუხარდა, შენ გაგიმარჯოსო, მოვალ შენთან და მანდ ვიმეცადინოთო, მაგრამ არ დასცალდა…
ბესიკ კალანდაძე: – თემურ წიკლაურთან ათეულობით წლების ურთიერთობა მაკავშირებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხვადასხვა ანსამბლში ვიყავით. ეპოქალური მომღერალი იყო და მისი გარდაცვალებით ეპოქა დამთავრდა. სიმღერის მანერით, ხმის ტემბრით, შესრულების ტექნიკით – ყველასგან გამოირჩეოდა და იგი ოქროს ფონდში ჩაიწერება და შთამომავლობას საუკუნეების განმავლობაში დარჩება. მისი გარდაცვალება ძალიან დიდი დანაკლისია არა მარტო ოჯახისთვის, არამედ – ჩვენთვის, ყველასთვის. დაგვაკლდა, როგორც ადამიანი, როგორც კაცი, როგორც მეგობარი…
ხალხს გამორჩეულად უყვარდა: ჯერ ერთი, ის დიდი მომღერალი იყო და მეორეც, თვითონ უყვარდა ადამიანები. ღვთისმოშიში კაცი იყო, ღმერთის სწამდა და კარგად იცოდა სიკეთის ფასი. გარდა ამისა, ნამდვილი ხელოვანი იყო, ხელოვნებით ცხოვრობდა და სულდგმულობდა. როგორც ანსამბლში ყველაზე უფროსს, ახლობლები ზედმეტსახელად “ძიას” ვეძახდით. ეს სახელი ჯერ კიდევ “ციცინათელაში” ყოფნისას შეერქვა. მართლა ყველას ძია იყო, მისგან მხოლოდ სითბო, სიყვარული და თანადგომა გვახსოვს.
წყარო: kvirispalitra.ge