ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საწვავის ფასზე ზემოქმედებისთვის მთავრობა სხვადასხვა მოდელს განიხილავს, მათ შორის მცურავი აქციზის შემოღებასაც.
“ყველა შესაძლებლობა განხილვადია. საუბარი იყო ცვლადი აქციზის საკითხზე, ასევე შეიძლება სხვა მექანიზმებიც. საწვავს როცა ვეხებით, ერთი სასურსათო პროდუქტისგან განსხვავებით, მასშტაბი ბევრად დიდია, შესაბამისად, ძალიან რთულია სახელმწიფოს მხრიდან ინტერვენციები. თუმცა ძირითადი მიზეზი საწვავზე ფასის რეკორდული ზრდისა მაინც გეოპოლიტიკური დაძაბულობა და სხვა პოლიტიკური ფაქტორია. ჩვენთვის ეს რა თქმა უნდა, ძალიან აქტუალური საკითხია, რადგან საწვავი ბევრ პროდუქტზე ფასის მდგენელია. ამიტომ, ის ინფლაციაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს”,-ამბობს დავითაშვილი.
ეკონომიკის მინისტრის თქმითვე, ინფლაციის შემცირება ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება.
“ამ ეტაპზე ვერაფერს დაგიდასტურებთ, თუმცა სხვადასხვა ვერსიას განვიხილავთ. პროცესს ვაკვირდებით და გადაწყვეტილებები შეიძლება მყისიერად მივიღოთ, უბრალოდ სიტუაციიდან გამომდინარე”,-აცხადებს დავითაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 17 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას საწვავის ფასზეც ისაუბრა და თქვა, რომ ე.წ. მცურავი აქციზის გარდა, სახელმწიფოს ფასის ზრდის მიმართულებით დაზღვევის სხვა მექანიზმიც აქვს, თუმცა დეტალებზე ხუციშვილს არ უსაუბრია.
“საგადასახადო პოლიტიკა ვერ იქნება მორგებული საერთაშორისო ბაზრებზე მიმდინარე მოკლევადიან რყევებზე, თუმცა თუ შევხედავთ, რომ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად იზრდება, შეგვიძლია ვიმუშაოთ დაზღვევის მექანიზმებზე ამ მიმართულებით და ეს არ იქნება ე.წ. აქციზის საფეხურებრივი სისტემა”-თქვა მინისტრმა.
წყარო: “ბიემ.ჯი”