უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,რაც უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი უკრაინის გათავისუფლება რუსი დამპყრობლებისგან, მით სწრაფად აღდგება სასურსათო უსაფრთხოება მსოფლიოში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ახლა უკრაინის მხარდაჭერა პირველ რიგში იარაღით ნიშნავს გლობალური შიმშილის დაუშვებლობაზე მუშაობას. რაც უფრო სწრაფად გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას და უზრუნველყოფთ უკრაინას უსაფრთხოებით, მით სწრაფად აღდგება სასურსათო ბაზრის ნორმალური მდგომარეობა“,- განაცხადა ზელენსკიმ.
ქვეყნის პირველი პირის თქმით, სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთი ის საკითხია, რომლითაც პირადად ის ყოველდღიურად არის დაკავებული. ზელენსკის განმარტებით, სახელმწიფოთა სულ უფრო დიდი რაოდენობა აცნობიერებს, რომ რუსეთი, შავი ზღვის დაბლოკვით და ამ ომის გაგრძელებით, სხვა ათეულობით ქვეყანას სასურსათო ბაზრის კრიზისისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს.
„ეს კიდევ ერთი სტიმულია ჩვენი ომის საწინააღმდეგო კოალიციის, რათა იმოქმედოს უფრო გადამწყვეტად“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკი აშშ-ის სენატის წევრებთან შეხვედრასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი აჩვენებს აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერის სიძლიერეს, უკრაინელ და ამერიკელ ხალხებს შორის კავშირის მუდმივობას. შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის მხარდაჭერის სხვადასხვა სფერო, კერძოდ, თავდაცვის და ფინანსური, ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ისტორიული გადაწყვეტილებისთვის „ლენდ-ლიზის“ პროგრამის განახლების შესახებ და მოუწოდა აშშ-ს ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ.