ამერიკაში მცხოვრებ ექიმს, ნანა გეგეჭკორს კორონავირუსი მესამედ შეხვდა.
როგორც მედიკოსი ამბობს, ამ შემთხვევაში სიმპტომები შედარებით უფრო მარტივად მიმდინარეობს.
ექიმი საზოგადოებას კოვიდის შესახებ საჭირო ინფორმაციას უზიარებს:
„ამჯერად აცრილი, წინა შემთხვევებისგან განსხვავებით. სიმპტომებიც შესაბამისად შეუდარებლად ადვილი ასატანია. წინა შემთხვევა ოცდღიანი ტანჯვა იყო, მაღალი ტემპერატურით, ნევროლოგიური, სუნთქვის და გულის პრობლემებითაც კი. ტაქიკარდიამ, ძლიერმა ზოგადმა სისუსტემ და ბალანსის მოშლამ თვეები გასტანა პოსტკოვიდურ პერიოდად.
ამჯერად ყველაფერი ყელის ტკივილით, ხველით, ტემპერატურული რაქციით და კუნთების ძლიერი ტკივილით დაიწყო. ყველა სიმპტომი ადვილად ექვემდებარება მედიკამენტოზურ მკურნალობას.
მკურნალობა – სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, დასვენება, ძილი, კვება სურვილისამებრ, ზომიერი რაოდენობით სითხეები, დრო და დრო მსუბუქი ვარჯიში ან ცეკვა. ჩემს შემთხვევაში უწყვეტი სწავლა კოვიდის თერაპიის განუყოფელი ნაწილიცაა
ჯერაც სიმპტომური ვარ, მაგრამ უკეთ გამოვიყურები ვიდრე პირველი დღეებში.
პროგნოზი; ალბათ ორ სამ დღეში სრულად ალაგდება.
იზოლაციის ვადები; 5 დღე პირველი სიმპტომებიდან. თუ სიმპტომები გახანგძლივდება იზოლაციაში რჩები მანამ სანამ ტემპერატურული რეაქცია რჩება. მსუბუქი ხველა ან სხვა ტიპის ნიშნები შეიძლება რამდენიმე კვირაც კი გაგრძელდეს, ეს იზოლაციას არ გაახანგძლივებს. იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ დამატებითი ხუთი დღე აუცილებელია პირბადის მკაცრი ტარება საჯარო სივრცეში, ყველგან სადაც ადამიანების სიახლოვეს მოგიწევთ ყოფნა. იზოლაციიდან გამოსვლას დამატებითი ტესტირება არ სჭირდება. ტესტი შეიძლება ხანგძლივად დარჩეს დადებითი, თუმცა პირველი ხუთი დღის შემდგომ, უსიმპტომო პაციენტი გადამდები აღარაა.
არანაირი კოვიდ-სპეციფიური მკურნალობა არ ჩამიტარებია. პაქსლოვიდი ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგრამ მე არც რისკ ჯვუფს ვეკუთვნი, არც დაავადებაა საშიშად სიმპტომური, ამიტომ ამ პრეპარატით მკურნალობის ჩვენება არ მაქვს. პაქსლოვიდს ძალიან კონკრეტული ჩვენებები აქვს და ექიმმა ყოველი ინდივიდუალური შემთხვევისას უნდა გადაწყვიტოს მისი მიზანშეწონილობა. ასევე გასათვალისწინებელია პაციენტის თირკმლის და ღვიძლის ფუნქციები, სხვა პრეპარატები რასაც ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებს და ამის მიხედვით უნდა შეირჩეს დოზა.
ტესტირება; სწრაფი ტესტები ნაკლებად სენსიტიურია, თუმცა სიმპტომების პიკზე მაინც პოულობს კოვიდს. ჩემს შემთხვევაში სიმპტომების პირველ დღეს სამი, სხვა და სხვა კომპანიის სწაფი ტესტი იყო უარყოფითი. მეორე დღეს იგივე ტესტმა ადვილად აღმოაჩინა კოვიდი. სამსახურში გამეორებულმა PCR ტესტმა დიაგნოზი დაადასტურა.
დღეს გავრცელებული ყველა შტამი წინა ვარიანტებზე მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება. ჩემი პირადი მოსაზრებით, დაავადების სიმსუბუქეს წინა დაავადებისგან შემორჩენილი იმუნიტეტი და ვაქცინაციის კომბინაცია განაპირობებს, იმ ფაქტთან ერთად, რომ ახალ შტამებს შედარებით მეტი ტროპიზმი ახასიათებთ ზედა სასუნთქი გზების მიმართ და ისინი ფილტვებს ნაკლებად აზიანებენ.
აიცერით, დაიბუსტეთ (ვისაც რა გიწევთ), ეცადეთ დახურულ სივრცეში უნიღბოდ არ იყოთ. მაქსიმალურად შეეცადეთ ადამიანებთან საურთიერთოდ ღია სივრცეები გამოიყენოთ. თუ საზოგადოებაში ყოფნა გიწევთ, მოერიდეთ მოხუცებს და ქრონიკული დაავადებებით დამძიმებულ ადამიანებს. განსაკუთრებით მათ ვინც აუცრელია. სამწუხაროდ, მათთვის ყველა შტამი შეიძლება სასიკვდილო საფრთხე აღმოჩნდეს.
აიცერით. უკვე დრომაც დაადასტურა რომ რნმ ვაქცინები საკმაოდ უსაფრთხოა. ვაქცინების ეფექტურობა ახალ შტამებზე წინა ვარიანტებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ახალი ვერსიები ნაკლებად აგრესიულებიც არიან, ჯამში, ვაქცინის ოდნავ დაქვეითებული ეფექტურობაც საკმარისია რომ სიკვდილის და გართულებების საფრთხისგან დაგიცვათ.
ორი წელი გავიდა უკვე კოვიდ ვაქცინაციის დაწყებიდან და ხედავთ თვალნათლივ რომ არ შეუცვლია აცრას ადამიანის გენომი, არც შვილოსნობის ფუნქცია წაურთმევია ვინმესთვის, არც რაიმე უცხო იმუნური რეაქციებით გამოუჩენია თავი. შიშები პირველ თვეებში ადვილად გასაგები იყო, ახლა უკვე გონიერი გადაწყვეტილებისთვის მეტი არგუმენტი არსებობს.
P.S. ნუ შეიწუხებთ თავს ჩემი წყევლით, გინებით და ასე შემდეგ. ამ სპორტის მოყვარულები საკუთარ ფსიქიურ ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. არ მოქმედებს წყევლა იმ ადამიანებზე, ვისაც ამ ფენომენის არ სწამს. მათ შორის ვარ მეც. მეცნიერების, სიკეთის და სიყვარულის მჯერა, დანარჩენი ჩემზე გავლენას ვერ ახდენს და დროს ნუ დახარჯავთ უსაგნოდ
ინდივიდუალურ კითხვებს ვერ ვუპასუხებ. ამ პოსტში ამომწურავადაა ყველაფერი რაც კოვიდზე უნდა იცოდეთ. თუ უფრო რთული მიმდინარეობა აქვს თქვენს დაავადებას აუცილებლად მიმართეთ პირად ექიმს. მართლა ყველა საჭირო კითხვაზეა სრული პასუხი ამ ტექსტში თუ ყურადღებით გაეცნობით“,- წერს ნანა გეგეჭკორი.