” სააკაშვილის ციხეში სიკვდილი…პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება”-მაიკლ მაკფოლი

სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება, ეს ზელენსკიზე უკეთესად არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინონ“ და ექს-პრეზიდენტი გათავისუფლონ, – ამის შესახებ რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.

მაიკლ მაკფოლი - სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის დიდი დარტყმა იქნება - ეს ზელენსკიზე უკეთესად არავის ესმის, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინოს“

სტატიაში, სათაურით: „მსოფლიომ არ შეიძლება დაუშვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის პატიმრობაში სიკვდილი“ , მაკფოლი წერს, რომ მაშინ, როცა მსოფლიო სამართლიანად არის ორიენტირებული უკრაინის წინააღმდეგ ვლადიმერ პუტინის ბარბაროსულ ომზე, რუსეთის ლიდერი აგრძელებს დესტაბილიზაციის გამომწვევი, ანტიდემოკრატიული დღის წესრიგის გატარებას მსოფლიოს სხვა ადგილებში. „მათ შორის არის პატარა, მაგრამ სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე საქართველო.“

„ამჟამად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იქ პატიმრობაში იტანჯება – ზოგიერთი ცნობით, სიკვდილის პირასაა. ბაიდენის ადმინისტრაცია და მისი მოკავშირეები ამას ვერ დაუშვებენ. სააკაშვილის გასათავისუფლებლად გლობალური კამპანიის დროა – სწორედ თავის სამშობლოში დემოკრატიის წინაშე წარსული დამსახურებისთვის“, – წერს მაკფოლი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა და დასავლეთის ქვეყნების ლიდერები მას აფასებდნენ.

„მაგრამ იყო ერთი უცხო ქვეყნის ლიდერი, რომელსაც სძულდა სააკაშვილი: ვლადიმერ პუტინი. წარმატებული ქართული დემოკრატია მის სამხრეთ ფლანგზე იყო ანათემა იმ ყველაფრის მიმართ, რასაც პუტინი ემხრობოდა და მას გადაწყვეტილი ჰქონდა დაებლოკა სააკაშვილის გადაწყვეტილება, საქართველოს დასავლეთისკენ სვლასთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდენტს განსაკუთრებით არ მოსწონდა მისი განცხადებები ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ. პუტინს ეშინოდა ფერადი რევოლუციების საქართველოსა და უკრაინაში სწორედ იმიტომ, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთში მისი ავტოკრატიის ლეგიტიმურობასა და სტაბილურობას. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეჭრით პუტინმა საკუთარი განზრახვა გამოავლინა. ამას მოჰყვა ქვეყნის ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რამაც ბრიუსელში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დისკუსიები გაყინა“, – წერს მაკფოლი.

მისი მტიცებით, ბიძინა ივანიშვილის პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პრესის ძალაუფლებისა და დამოუკიდებლობის ნგრევა, რამაც მკვეთრად შეასუსტა ქვეყნის დემოკრატია. მაკფოლი ასევე წერს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობა გახდა უფრო ავტოკრატიული და რუსეთთან მეგობრული, სააკაშვილი იქ თავის როლს ვეღარ ხედავდა და გაემგზავრა უკრაინაში, სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე მსახურობდა.

„მაგრამ მას სურდა შეეცვალა საქართველოს მცოცავი ავტოკრატია და 2021 წელს ქვეყანაში დაბრუნდა. ეს შეცდომა იყო. მთავრობამ ის სწრაფად დააპატიმრა სავარაუდო „უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის“ და მას შემდეგ ის პატიმრობაშია“, – წერს მაკფოლი.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ უნდა მიმართოს სააკაშვილის გადარჩენის მიზნით.

„ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება – ეს ნაბიჯი უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის ძლიერი დარტყმა. ეს ზელენსკიზე უკეთ არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინონ“ და ექსპრეზიდენტი გაათავისუფლონ“, წერს მაკფოლი.

მისი თქმით, ზელენსკი სწორად მოიქცა და მას შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა მიბაძონ.

„თავისუფალი სამყარო ერთად დადგა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად. იგივე უნდა გააკეთოს საქართველოში, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით ზეწოლის განხორციელებით“, – წერს მაკფოლი.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share