მე ვარ ნინო ლაღიძე, 48 წლის, გარემოსდაცვითი განათლების სპეციალისტი, პროფესიით — ჰიდრობიოლოგი, ტოქსიკოლოგი.

პროფესიის არჩევა ძალიან რთული ამბავი იყო, მით უმეტეს, 90-იანებში — დიდი ალტერნატივა არ გქონდა. რაც მე მინდოდა — ლანდშაფტური დიზაინი და არქიტექტურა — არ გამოდიოდა, მოთხოვნაც არ იყო ამაზე მაშინ. სამაგიეროდ, ერთი მამიდა ბიოლოგი მყავდა, მეორე — ქიმიკოსი, მომზადებაში ფული არ დაიხარჯებოდა და, მოდი, სამედიცინოზე ჩავაბაროთო. ვინ გკითხა, გინდოდა თუ არა ექიმობა… მისაღებ გამოცდებზე მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი მოწოდება, მაგრამ ქიმია-ბიოლოგიაში რადგან ვიყავი მომზადებული, წავედი და ბიოლოგიურზე ჩავაბარე. რამდენჯერმე გადაწყვეტილიც მქონდა, წამოვსულიყავი, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, ასპირანტურაც კი დავამთავრე. დისერტაცია არ დამიცავს — ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან დიდი ფარსი იქნებოდა: შუქი დღეში სამჯერ ქრებოდა და თერმოსტატში შედებული ნიმუში ყოველთვის გაფუჭებული იყო; ვამბობდი, ეს არ არის ის პირობები, ადამიანმა სამეცნიერო მიმართულება რომ აირჩიოს-მეთქი.
მერე, პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად, სკოლაში დავიწყე მუშაობა — ჩემი დიპლომიც სასტარტოდ რის შესაძლებლობასაც მაძლევდა, ეგ იყო. თუმცა მანამდე სტუდენტებისთვის გარემოსდაცვით ტურებს ვატარებდი, მინდოდა, საქართველოს სხვადასხვა კუთხე გაეცნოთ, ენახათ, რა ხდებოდა თბილისს მიღმა, როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები რეგიონებში იმ ბნელ წლებში. ახლა ვაკეთებ გარემოსდაცვით ტურებს ბავშვებთან. ძალიან ვცდილობ ექსკურსიის შესახებ წარმოდგენის შეცვლას; ეს არის სწავლებისთვის დამატებითი შესაძლებლობა, რომ ბავშვებმა ფორმალური გარემოს მიღმა, არაფორმალურ გარემოში, სხვა კუთხით შეხედონ საგანს, მოვლენას, ობიექტს დააკვირდნენ… სამი მიმართულებით ვმუშაობ: პირველი არის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება; მეორე — სათავგადასავლო ტურები, სადაც შემოდიან ლიტერატურული გმირები; და დიდი თამაშები — პიროვნულ ზრდაზე ორიენტირებული თამაშები, რაც ხელს უწყობს ადამიანისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. ვცვლი დამოკიდებულებას სწავლაში, შეცდომებზე ვსწავლობთ. ჩვენს საზოგადოებას შეცდომა სირცხვილად მიაჩნია, არადა, ყველა დიდი აღმოჩენა მანამდე დაშვებული უამრავი შეცდომის შედეგია.
ინსპირაცია რადიარდ კიპლინგის საბავშვო წიგნი „აი, ასეთი ამბები“ იყო, სადაც პატარა სპილოს, რომელსაც ჭიკარტივით ცხვირი აქვს, აწუხებს მთავარი შეკითხვა — რას მიირთმევენ ნიანგები სადილად? სპილო რთულ გზას გადის და მდინარე ლიმპოპოზე ნიანგთან ჭიდილში იგებს ძალიან მნიშვნელოვან რაღაცას, რის შემდეგაც ახალი უნარები უჩნდება, ხორთუმი უგრძელდება და ისეთ საკვებს სწვდება, რომელიც ძალიან მოსწონს. ამ პროგრამებს ვაკეთებ ბავშვებისთვის, რომლებსაც ბევრი შეკითხვა აქვთ და ბევრი რამ აინტერესებთ; რომლებიც მზად არიან, სამყარო ამოაბრუნონ და მილიონჯერ შეცვალონ.
ჩემი მეორე პროფესია, ალბათ, ბავშვობის სტრესებიდან მოდის. ვიტყოდი, რომ ჩემი გონება არასწორ დროში, არასწორ გარემოში გაიზარდა და სულ წინააღმდეგობაში იყო უსამართლობასთან, განსაკუთრებით — ძალადობრივ აქტებთან.
უსამართლობასა და წინააღმდეგობაში ყოფნაზე სკოლა მახსენდება. სკოლაში მქონდა ისეთი შემთხვევები, რამაც ძალიან დიდი დაღი დაასვა ჩემს სასკოლო ასაკს და სულ მქონდა მიზანი — ის, რაც მე გამოვიარე, ამ ქვეყანაში არც ერთ ბავშვს აღარ უნდა განეცადა. მაგალითად, ჩემი დაწყებითი კლასების მასწავლებელი დასჯის მიზნით ბავშვებს აშიშვლებდა… ჩემს მშობლებთანაც კი მქონდა უკმაყოფილება: თუ ეს ამბავი იცოდით, როგორ შეიძლებოდა ამ სკოლაში ბავშვი გეტარებინათ-მეთქი, მაგრამ ეს სისტემური პრობლემა იყო, რომელსაც ადამიანები დიდ ყურადღებას არ უთმობდნენ. დღეს რა საკითხებზეც ვმუშაობთ და ღიად ვსაუბრობთ, ტაბუირებული იყო — ამაზე არავინ ლაპარაკობდა და არც პრობლემად მიიჩნევდნენ. ამაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც დასავლეთთან გაიხსნა კარები.
დღესაც არსებობს ძალადობის ფორმები, რასაც ჩვენი საზოგადოება კულტურულად შეგუებულია; რაღაცნაირად ნორმა და ცხოვრების წესია, და ამ დროს ეს სიღრმეებში სერიოზულ პრობლემებს იწვევს. განსაკუთრებით ფსიქოლოგიური ძალადობა, რომელიც უჩინარი, მაგრამ ისეთი ფესვგადგმულია, რომ დღეს რა პრობლემებიც გვაქვს და რატომაც ვწვალობთ ორი წელიწადია პროტესტში, სწორედ ამ ფსიქოლოგიური ძალადობის მიმართ შეგუებულობის შედეგია. ამ ქვეყანაში ამაზე ღია პროტესტის პრაქტიკა და გამარჯვება არ გაგვაჩნია საზოგადოების დიდ ნაწილს, განსაკუთრებით — ქალებს. ამ პროტესტამდე არც ჩემი საჯარო გამოსვლა უნახავთ ადამიანებს, ვიყავი ჩემს პროფესიაში, ვაკეთებდი ჩემს საქმეს; ქუჩის პროტესტებში ვმონაწილეობდი, მაგრამ პასიურ დამკვირვებლად და არა ვერბალური გამომსვლელის სახით, თუმცა რაღაც ტრიგერმა იმუშავა და გამომიყვანა წყობიდან. ამ ტრიგერს ვეძებდი და ვიპოვე.
ძალადობა ამ ქვეყანაში ახალი არ არის, მაგრამ რაღაც კომბინაციამ იმუშავა — როგორც ჩანს, ამოატივტივა და გამახსენა ჩემი ბავშვობის მთავარი ტრავმა, როდესაც მე გავაპროტესტე უსუსური ადამიანის ცინიკური ჩაგვრა. ამან მე შვიდი წლის ასაკში ფეხზე ამაყენა კლასში, სადაც არც ერთი ბავშვი არ ადგა… ველოდებოდი ჩემს კლასელებს, რომ გაეპროტესტებინათ, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, ეს მათთვისაც მიუღებელი იყო.
ეს იყო პირველი პროტესტი, რომლის გამოც დავისაჯე.
ბავშვობიდან მიყვარდა თამაში, სხვის როლში შესვლა და საკუთარი თავის მოსინჯვა, ამიტომ სხვა ადამიანის თვალით რაღაც მომენტის ყურება ჩემთვის ყოველთვის ბუნებრივი იყო, ემოციები, რომლებსაც ის გრძნობდა — ადვილად აღსაქმელი, და მდგომარეობა, რაც იქ დავინახე, ჩემთვის გაუსაძლისი აღმოჩნდა. ცინიზმი ჩემთვის გაუსაძლისია. აფექტი თუ მემართება, ამაზე მემართება. ამიტომ ირაკლი კობახიძე არის ტიპი, რომელიც სულ აფექტში მამყოფებს. მისი გაუგონარი ცინიზმი ჩემთვის არის გასვლისა და წინააღმდეგობის მთავარი ტრიგერი, და ყველა მისი ცინიკური განცხადება არის გაუგონარი უტიფრობის წითელი ხაზი, რომელსაც ღირსების მქონე ერსა და ღირსების მქონე ადამიანს ვერ უნდა უბედავდეს.
დილით შევხედე ეკრანს და ბავშვთან, რომელიც ისედაც გათიშული აგდია, მიდის ორი პოლიციელი და თავში, სახეში ურტყამენ… იმ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკონსტიტუციური განცხადების შემდეგ, რუსთაველზე გამოსული ხალხი რა დღეში იყო და კიდევ როგორი ცინიზმით ეპყრობოდნენ ამ ადამიანებს. ეს იყო ის, რამაც უბრალოდ ყველაფერი გადაკეტა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ღამის მაისურით ვიყავი მისული, უბრალოდ ზემოდან ქურთუკი მოვიცვი; მანქანის გასაღებიც კი, რომელიც ხელში ავიღე, იქვე დავაგდე — მივხვდი, რომ მართვას ვერ შევძლებდი და ფეხით ჩავედი საზოგადოებრივ მაუწყებელთან. მანამდე მთელი დღე ვგრგვინავდი: ,,რას აპირებს ხალხი? სად არის ხმა, რომ ყველანი პროტესტზე ვიკრიბებით? სად წავიდე?’’ სულ ველოდებოდი, რომ ვიღაც დაიძახებდა — ,,გავედით!’’
რომ მივდიოდი, ვგრძნობდი, როგორ გადიოდა ჩემი სხეულიდან ქარი. ისეთი ენერგია მქონდა, ტროტუარზე ხალხი გზიდან მეცლებოდა. რკინის ქალამნები ჩავიცვი და წავედი… ზუსტად ეგ იყო. ვერავინ გამაჩერებდა, ვერავითარი ძალა წინ ვერ დამიდგებოდა. და მე, რომელსაც არასდროს მქონია პრეტენზია, სიტყვით გამოვსულიყავი, ტელევიზიის კიბეებზე მოვითხოვე, რომ სტუდიაში აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი. საერთოდ არ მაინტერესებს, რა მოხდება, დღეს სადაც იქნება საზოგადოებრივი შეკრება — საჯარო, სახალხო — რომელიც გაშუქდება მთელ ქვეყანაში, იქ აუცილებლად უნდა ვიყო-მეთქი.
მერე იყო სიები, ორსაათიანი ლოდინი — ძალიან შეზღუდეს შესვლა და იმ სიიდანაც ამოვვარდი… ამ დროს ია ფარულავამ თქვა, ჩემ ნაცვლად ვინმე შევიდესო. მე არც გამიგონია და ვიღაცამ მითხრა, ხელი აიწიეო. ავიწიე, არც ვიცოდი, რისთვის ვიწევდი. ასე შევაღწიე სტუდიაში. არც ერთი სიტყვა არ მახსოვს, რა ვილაპარაკე, ჩანაწერიც სამი თვე არ მინახავს.
რომ გამოვედი და ადამიანები მეხუტებოდნენ, ვერ ვხვდებოდი, რატომ.
მთელი პროტესტის განმავლობაში, ძალიან დიდხანს, წესებს არ ვარღვევდი. განა იმიტომ, რომ პროტესტი არ მქონდა ამ უსამართლო კანონების მიმართ — ვიცოდი, რომ თუ ეს ხანგრძლივად გაგრძელდებოდა, ასე ცალ-ცალკე აკენკვის შემთხვევაში, აუცილებლად დადგებოდა ჩემი დროც და ვემზადებოდი სასამართლოსთვის, რომ თუნდაც შეთითხნილი მტკიცებულებები არ ჰქონოდათ ჩემ წინააღმდეგ. რა სინდისსა და ნამუსზეა ლაპარაკი, მაგრამ ამ აბსურდშიც კი მინდოდა, რომ სასამართლოზე რაღაც მორალური უპირატესობა მქონოდა.
პირველი ჯარიმა გზის გადაკეტვის გამო იყო. არასაკმარისი რაოდენობის შემთხვევაში, უნდა ახვიდე ტროტუარზე და გზა არ გადაკეტო, არადა ერთიც რომ ვიყო, პროტესტის არსი იმაშია, რომ შესამჩნევი გავხდე — საზოგადოებამ ნახოს, რომ არის ადამიანი, რომელიც ამოვარდნილია ჩვეულებრივი, ყოფითი დღის წესრიგიდან, იქცევა განსხვავებულად და ყურადღებას იპყრობს.
მანამდე არ ვარღვევდი, მაგრამ გზას კეტავდნენ ადამიანები, რომლებიც, ზუსტად ვიცოდი, ჩემნაირად ფიქრობდნენ, მაგრამ მაინც აკეთებდნენ ამას და ძალიან განიცდიდნენ, მათ კისერზე რომ გადადიოდა მთელი ამ პროტესტის უმძიმესი პასუხისმგებლობა. და ძალიან ბევრს კანი ეწვოდა, ვინც ტროტუარზე რჩებოდა. მეც მქონდა სინდისის ქენჯნა, რანაირად მქვია მეც პროტესტის მონაწილე, როდესაც ვიღაც გადადის, თუნდაც შენიღბული, ბოლომდე იბრძვის და შენ რაღაცას აკლებ ამ პროცესს-მეთქი. ისინი ელოდებოდნენ თანადგომას ჩემგან, როგორც მე, კლასში მარტო ამდგარი, ველოდებოდი, ოცდაერთი ბავშვიდან ერთი მაინც რომ ამდგარიყო. საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „ნინო, რანაირად შეიძლება ფიქრობდე გაერთიანებაზე, საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე, თანამებრძოლად აღიარებაზე, როდესაც ტროტუარიდან არ გადადიხარ?“
მანამდე ძალიან ბევრს ვმსჯელობდით, რა გაგვეკეთებინა, რა იქნებოდა სწორი. ფიქრობ, რატომ უნდა დააჭერინო თავი და ძალა გამოაცალო პროტესტს, როდესაც შენ პროტესტში უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება იყო; მაგრამ ბოლოს უკვე ასეა: ბრძოლაში როცა ხარ, პირველი ხაზი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი ხაზი როდესაც სუსტდება, ბრძოლა გადადის მეორე ხაზზე. მეორე ხაზი ნიშნავს იმას, რომ შენ ძალა დაკარგე და, რაც არ უნდა წინ მიიწევდე, პირველი ხაზი როდესაც დაკარგულია, შენც ძალადაკარგული ხარ. მესამე ხაზზე როდესაც გადადის ფრონტი, უკვე შეიძლება თქვა, რომ წაგებული ხარ. მაგრამ ეს ბრძოლა მიდის ბოლომდე.
ჩემი პირველი ხაზი უკრაინის ფრონტის წინა ხაზია, ყველა ის ქართველი მებრძოლი, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იბრძვიან უკრაინაში. მეორე ხაზი ციხეებში გამომწყვდეული ადამიანები არიან, რომლებიც რეპრესიის მძიმე ფორმაში მოყვნენ — ყველა პოლიტპატიმარი, რომლებიც გისოსებს მიღმაა. და მესამე ხაზი არის რუსთაველი. მოგვწონს თუ არ მოგვწონს ასეთი ფორმაციით, ეფექტურია თუ არაა ეფექტური, ეს არის მესამე ხაზი. თუ პირველი ხაზი წააგებს, მეორე იბრძვის ბოლომდე. აი, თუ ისინიც წააგებენ და დანებდებიან, მე მაშინ ვიტყვი, რომ ბრძოლა მაქვს წაგებული რუსთაველზეც. ახლა ამას ვერანაირად ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ გაცილებით ძლიერი ადამიანები მიდგანან წინ, რომლებიც საკუთარი სხეულით, საკუთარი ფსიქოლოგიით, საკუთარი ცხოვრებით არიან გადაფარებული ამ ყველაფერს… ზოგი სიცოცხლის ფასად იბრძვის, ზოგიც — საკუთარი წლების ფასად.
და მე რანაირად ვთქვა, რომ წაგებული მაქვს ეს ბრძოლა? არანაირად.
ჩემს ბიოგრაფიაში ოდესმე დაკავება თუ ჩაეწერებოდა, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, ძალიან ცუდ სიზმარშიც კი. კიდევ კარგი, ჩემი ოჯახის ზოგიერთი წევრი ცოცხალი აღარ არის და ამას ვერ მოესწრო, თორემ ეს მოკლავდა-მეთქი, ვამბობდი.
მე ამასაც ირონიულად ვუყურებ, როგორც თავად ბიძინა ივანიშვილის პერსონას. იმიტომ, რომ აბსოლუტურად უგუნურია; გარემოცვაც ხომ საერთოდ ისეთი შეარჩია, უკიდეგანო მორჩილებაში მყოფი. მე არ ვიცი, ამ ადამიანებმა რა დააშავეს ცხოვრებაში, რითი უჭირავს, ან რა მხდალია ეს საზოგადოება, ამას რომ ვერ დაეხსნა. ყველაზე მნიშვნელოვანია, დინამიკაში ვხედავდეთ ადამიანს და მისი ცხოვრების ბიოგრაფია განვიხილოთ — რა გზა გაიარა, რა წნეხები, რა გარდატეხა, რა ბარიერები დაძლია, როგორ მოვიდა აქამდე, რა ფორმაც მიიღო. ეს არის ადამიანი, რომელმაც საკუთარი თავი იპოვა მხოლოდ და მხოლოდ ფინანსებში; მას ჰგონია, რომ ეს არის მისი სიმშვიდისა და სიწყნარის გარანტია. თუნდაც ფსიქოლოგიური სიმშვიდის — ის, რომ, მაგალითად, მას არ შეეხება სიბერე; როგორ მეტყველებს, რა ენაზე მეტყველებს, ვისთან და რა თემაზე… რა დამოკიდებულებები აქვს მას სხვა ადამიანების მიმართ. ყველაფერი ხელის გულზეა. შეუძლებელია, უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ ამ სიმახინჯეს, რაც მან შექმნა, მხარდამჭერი ჰყავდეს, გარდა პიროვნულად ვერშემდგარი საზოგადოებისა.
რაც შეეხება დაკავებას, გზაზე გადავედი, არც შენიღბული ვყოფილვარ, არც არაფერი. ჩემს მეგობარს დავუტოვე ჩანთა, ტელეფონი, ყველაფერი… გადავედი და ღიად დავდექი, ინტერვიუც კი მივეცი. მეორე დღეს ტური მქონდა დაგეგმილი ბავშვებთან და ეს გვიან გამახსენდა — ხვალ თუ დამაკავეს, ამ ბავშვებს რა ვუყო-მეთქი, ვფიქრობდი. დავურეკე პედაგოგს და გავფრთხილე, რომ შეიძლება გადადება გამხდარიყო საჭირო.
დილით რომ გავიღვიძე, სახლის წინ მანქანა დავინახე. ჰაბიტუსით ვიცანი, ვინც იყვნენ, ეგრევე ვუთხარი ჩემს ქმარს, მოვიდნენ-მეთქი. მაგრამ სახლში ამოსვლა არ უცდიათ. მე ჩავალაგე ეკიპირება და მივდივარ ჩემს ტურზე. გამომყვნენ. ჩემი მეუღლე არ წავიდა სამსახურში, მარტო არ დამტოვა. გზაში ვურეკავ ადვოკატს, მეგობრებს — ყველაფერი გავარკვიე. ორთაჭალაში მიხვდნენ, რომ რაღაც ძალიან შორს მივდიოდი, ალბათ იფიქრეს, ბევრ ბენზინს ვწვავთო, ამინთეს შუქები და გადამაყენეს. გადმოვედი; ძალიან ზრდილობიანი, ორი კეთილგანწყობილი ადამიანი მოვიდა, არც ფორმა ეცვათ, არც არაფერი; ვთხოვე, თუ მაკავებთ, უნდა დავრეკო, ბავშვები მელოდებიან-მეთქი. „არ ვიცით, უფროსობა უნდა მოვიდესო“ — 15 წუთში მოვიდნენ, დავრეკე, გააფორმეს აქტი და წამიყვანეს.
თბილისის იზოლატორებში არ იყო ჩემი ადგილი და გამაქანეს გურჯაანში.
ჯერ საერთოდ სასამართლო იყო ძალიან უცნაური. მანამდე სხვების პროცესებზე დავდიოდი, სასამართლოს ფოიე ჩემთვის ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ სხვა სიღრმეებში არ ჩავსულვარ. ჰო, ის ბუნკერი არ ვიცოდი… დავინახე, რომ ეს რუსთაველის ხალხი დადის აქეთ-იქით. მე მგონია, რომ გულშემატკივრები არიან, სანამ ფოკუსი არ გავასწორე უკან, გისოსებიან კამერებზე.
ზვიად კვარაცხელია დავინახე და გამიხარდა, მივედი და ყურში ვეუბნები: „ზვიად, რა მაგარია, რომ დაჭერილი არ ხარ-მეთქი“. გავიხედე და ვასკა ივანოვი დგას თავის ცოლთან ერთად… და უცებ დავაფიქსირე, რომ იქ ვიღაცები ჩნდებიან და აშკარა კრიმინალები გამოდიან გისოსებს მიღმა. მეთქი, სად ვარ. გაოცებულმა ვიკითხე: „თქვენც დაგიჭირეს-მეთქი?“ „აბა, რა გგონია, ნინო, სად ვართო“, — დამცინეს. თურმე აკრეფის ყველაზე მაღალი რეიტინგი მოვხსენით, 33 კაცი ვიყავით დაჭერილი.
სასამართლოები შუაღამემდე იყო. ჩემი სასამართლო 00:00-ზე დაიწყო და დილის 4 საათზე გურჯაანში ვიყავი. ხუთი დღე მომესაჯა და ხუთი დღე გავატარე იზოლატორში. აღმოვჩნდი ადამიანებთან ერთად სამეულში, რომელთაც მანამდე არ ვიცნობდი — მე, სოფო როინიშვილი და დანი მაღრაძე, სტუდენტი. რადგან ბევრი ვიყავით დაჭერილი, ასე, კონვეიერული წესით, აღმოვჩნდით ერთად.
გურჯაანის იზოლატორს არ ჰქონდა ქალების გამოცდილება. ზოგადად, ამ ქვეყანაში ქალი ხომ დიასახლისი უნდა იყოს და ამის იქით გამოცდილება ჩვენგან ჯერ კიდევ ხომ შორსაა. სველი წერტილები აბსოლუტურად მოუწესრიგებელია, არავითარი შესაძლებლობა და საშუალება არ გაქვს, რომ მოწესრიგდე და თავი ადამიანად იგრძნო; ვერ გამოიყენებ თეთრეულს, ვერც ვერაფერს, იმიტომ, რომ ჰიგიენა არაა დაცული. ერთადერთი, დილით შემოდის ქალბატონი, რომელიც ალბათ 15 წამს ხარჯავს იმისთვის, რომ ის ოთახი დაალაგოს, და ამ დალაგებაში იგულისხმება რაღაც ძუნძგლიანი, სველი ტილოს გამოყენება, რომელსაც იატაკზე მოუსმევს და გადის. იზოლატორის ფანჯრები სოფომ გაწმინდა, მზის სხივი არ შემოდიოდა, ისეთი ჭვარტლი და ჭუჭყი იყო; ორმოცი გრადუსი სიცხე, გათბობა ჩართული, სარკმელი არა… იმიტომ, რომ ადამიანი დაამწყვდიე და თუნდაც ეს ადამიანი საზოგადოებისთვის საშიში იყოს, არ ნიშნავს იმას, რომ ის უნდა დაამცირო.
რამდენიმე უხეში დარღვევა იყო: ვიღაც ახალგაზრდა ბიჭმა შემოიხედა საპირფარეშოს სარკმელში, გავაპროტესტეთ და მოვითხოვეთ ადვოკატი. მართალია, იმ საპირფარეშოში იმდენი რამე ეწყო, ვერც ვერაფერს დაინახავდა, მაგრამ ეს მაინც იყო უხეში დარღვევა. გასასეირნებელი ადგილი არის დაახლოებით 42 კვადრატი — ხელის მტკაველითა და ნაბიჯებით გადავზომე, პროფესიულად მჭირდება ეს და ვიცი. ამაზე იძაბებოდნენ: რას ვაკეთებდი, ვერ ხვდებოდნენ, რამდენჯერმე შემოაღეს კარი — რა ხდებაო. იზოლატორის ნახაზი გამაქვს-მეთქი, ვხუმრებოდი. სასაცილოდ არ გყოფნის ეს ყველაფერი, რატომ უნდა გაიქცე? პირიქით, ეს ხომ პროტესტის ამბავია და შენ ცნობიერად წამოხვედი აქ. გასეირნების დროს აუცილებლად ჰიმნი უნდა გვემღერა, აუცილებლად ბოლომდე უნდა გამოგვეყენებინა ჩვენი საათი და ოცი წუთი. ადამიანები, რომლებსაც იზოლატორში ამწყვდევენ, არიან ადამიანები, რომლებიც, სადაც არ უნდა გამოამწყვდიო, სანამ ცოცხლები არიან, პროტესტში იქნებიან; და, აი, ეს ჟინი ამ სისტემის მსახურებს უნდა დაენახათ, ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან სისტემას მთელი თავისი არსით. მაგრამ ძალიან მაგარია, როდესაც ბადრაგს ცრემლი მოსდის და გეუბნება, რომ აქ მეორედ აღარასდროს უნდა მოხვდე.
ის, რომ დაფა გიჭირავს ხელში და გიღებენ ფოტოებს — ანფასში, პროფილში — კინოებში რომ გინახავს… და რომ ეკითხები ადამიანს, ეს ფოტო მერე სად შეიძლება ნახო; და გახსენდება იმ ადამიანების ასეთი ფოტოები, რომლებიც დახვრეტაზე, სიკვდილზე წავიდნენ ამ ქვეყნისთვის. როგორ შეიძლება შენი თავი შეადარო მათ, მაგრამ გეძლევა შანსი, ამ სისტემის დაბალ რგოლს აუხსნა აქ მყარად და ამაყად დგომის მიზეზი — რატომ ხდებოდა ეს წარსულში და რატომ მიწევს მე დღეს იმავე მდგომარეობაში ყოფნა. რა თქმა უნდა, არ მხვრეტენ და მასახლებენ, თუმცა, არ ვიცი, ამათ რომ მისცე გასაქანი, რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია, შეიძლება ეგეც გააკეთონ.
ასი წლის შემდეგ რატომ მივედით ისევ ამ დონემდე, როგორ დავეშვით აქამდე, როგორ დაგვემართა? მოაზროვნე ადამიანი იკითხავს: „ფაშიზმი როგორ შეიძლებოდა გერმანიას დამართოდა? როგორ აჰყვა ჰიტლერს ეს გონიერი, განათლებული საზოგადოება?’’ მაგრამ პროპაგანდა და ვერბალური ტვინის გამორეცხვა, როგორც ჩანს, და ეს ჩემს კანზე შევიგრძენი, არის თურმე ყველაზე ძლიერი და მძიმე იარაღი, რაც კი შეიძლება კაცობრიობას თავს დაატყდეს.
სახელმწიფო, რომელსაც ადამიანი არაფრად მიაჩნია, არის ისეთი, რა სახითაც დღეს ეს სახელმწიფო გვაქვს. ადამიანი მისთვის არაფერს წარმოადგენს, ადამიანს არ იცნობს… იმიტომ, რომ ჩვენც, ოჯახებში, ერთმანეთს არ ვიცნობთ. მე დღეს მაქვს დილემა — ეს რეჟიმი რომ წავიდეს, მინდა თუ არა, ამ ადამიანებთან ერთად ამ ქვეყანაში ცხოვრება. რანაირად უნდა ველაპარაკო და გამარჯობა ვუთხრა იმას, ვინც სულ ფარისევლობდა, მლიქვნელობდა და მედროვეობაში იყო; ბრძოლის გარდამტეხ მომენტებში იკეტებოდა და ჩემ გვერდით არ იყო. ძალიან მძიმეა ამის ატანა, განსაკუთრებით, თუ ეს ახლობელ ადამიანებს ეხება; როცა ვერ წარმოიდგენდი, შენი უახლოების მეგობარი შენს სასამართლო პროცესზეც თუ არ მოვიდოდა და რაღაცას მესიჯად მოგწერდა… ან შეიძლება, საერთოდაც არ მოგწეროს, არც მოგიკითხოს.
სამაგიეროდ, ის ადამიანები აღმოვაჩინე, საერთოდ რომ აღარ ვფიქრობდი, თუ ვახსოვდი. რეალობა ამოყირავდა. თითქოს ამ ილუზიური რეალობიდან იქმნება ჩემი ახალი რეალობა. მეც ადამიანურად ბევრი რაღაც ვისწავლე და გადავაფასე; ბევრი ჩემი ღირსება აღმოვაჩინე, რომელიც დამალული იყო და კომფორტის ზონიდან გამოსვლის დროს იჩინა თავი.
დიდი იმედგაცრუება იყო ისიც, რომ, მეგონა, არასამთავრობო სექტორმა, დასავლეთის გავლენამ, მთელმა ამ გასაჭირმა და უბედურებამ, რაც გავიარეთ, კვალი დატოვა ადამიანებში და მენტალურად ცოტა წინ ვიყავით, მაგრამ თურმე ისეთი შეფუთული ყოფილა ეს ყველაფერი, ისეთი დროებითი და ზედაპირული — როგორც კი პირველივე სერიოზული ბარიერი ნახა, ეგრევე ჩამოიქცა. როგორც ჩანს, ძალიან ძნელია საბჭოთა ცნობიერებიდან გამოიყვანო ადამიანი და მან თვითრეალიზაცია მოახდინოს ამ გაუბედურებულ, გაღატაკებულ რეალობაში.
საბჭოთა კავშირი დაინგრა, მაგრამ არ დაინგრა მენტალურად საბჭოთა ადამიანის ცნობიერებაში. თითქოს ფიზიკურად გავეცალეთ და ვერც გავეცალეთ.
ფოკუსის გასწორებით იწყება ყველაფერი — გადაფიქრებითა და გადაფასებით, გარდაქმნითა და მკვეთრი ცვლილებით. ამიტომ ეს ქვეყანა ნულიდან არის დასაწყები, იქნება ეს პატარა შეცდომებით თუ ბევრი ტკივილით. ჩვენ ვართ ავარიული შენობა, რომელიც, რაც არ უნდა შეაბათქაშო გარედან, მაინც არ იძლევა იმის შესაძლებლობას, თქვა, რომ უსაფრთხოა: ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერი ზეწოლის შემთხვევაში, ისევ ნგრევის პირასაა.
უნდა გადავაფასოთ ბევრი ჩვენი ტრადიცია და კულტურაში არსებული სიმახინჯეები. განათლების სისტემა მთლიანად ამოსაყირავებელია; ასევე, მთლიანად ამოსაყირავებელია სასამართლო სისტემა. წარმოუდგენელია, მე ჩემი ქვეყნის განვითარებასა და ცვლილებაზე ვილაპარაკო, თუ ეს მოსამართლეები და ცრუ მოწმეები არ გასამართლდებიან.
სანამ ეს ორი ამბავი არ იქნება, ამ ქვეყანას არ ეშველება.
სკოლებთან ვიმუშავე წლების განმავლობაში და სულ ვამბობდი, რომ იმ ქვეყანაში, სადაც სკოლებში მხოლოდ დირექტორის კაბინეტი და სამასწავლებლო არის გარემონტებული, არასდროს იქნება ღირსეული პენსია. იმიტომ, რომ სკოლაში ბავშვი ხედავს, როგორ აფასებენ მას. ეს არის უხმო, უსიტყვო შეთანხმება და ამ ყველაფრის ასე გაცნობიერება. როდესაც ბავშვს 12 წლის განმავლობაში არ აქვს შესაძლებლობა, საპირფარეშოში შევიდეს და ელემენტარული ჰიგიენური ნორმებით თავი მოიწესრიგოს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მას ჰკიდებ ქრონიკულ დაავადებებს და მასზე არ ზრუნავ; ის, რომ შენ ერთი პარაგრაფიდან მეორე პარაგრაფამდე ახსენი გაკვეთილი — მშრალი ტექსტი — ეს არ ნიშნავს ადამიანის სოციალიზაციასა და მის განვითარებაზე ზრუნვას. სკოლა უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული ინსტიტუცია, რომელიც მენტალურად და ფიზიკურად ჯანმრთელ ადამიანს გამოუშვებს — თვითრეალიზებულს, ყველა იმ უნარით შემკობილს, რაც მერე მას პროფესიულ განვითარებაში შეუწყობს ხელს.
ჩამოსაყალიბებელია, რისთვის ვასწავლით ამ ბავშვებს; ის რომ იზრდება საქართველოს მოქალაქედ, როგორ საქართველოში უნდა იცხოვროს. საზოგადოების დაკვეთა უნდა იყოს იმის გარკვევა, რას წარმოადგენს საქართველო დღეს, როგორი გვინდა იყოს და რას ვაკეთებთ ამისთვის, რისთვის ვიბრძვით, რისი შენარჩუნება და შექმნა გვინდა. მთელი ქვეყანა უნდა ჩამოყალიბდეს ამაზე, და მერე თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა — არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა და რიგითმა პოლიტიკოსებმა.
თუ მე, ადამიანმა, რომელმაც საკუთარ ტყავზე გამოსცადა ეს ყველაფერი, ამ რეჟიმის მოცილების შემდეგ არ დავიწყე მუშაობა, რომ იზოლატორში იყოს ქალისთვის სათანადო პირობები, მაშინ რისთვის მივიღე ეს გამოცდილება? ქვეყანა გახდება დამოუკიდებელი, დემოკრატიული მას შემდეგ, რაც მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ იზოლატორში საპირფარეშო იყოს მოწესრიგებული.
მე მჭირდება ისეთი ქვეყანა, სადაც არ შემეშინდება ექიმთან მისვლის და აბსოლუტურად დარწმუნებული ვიქნები, რომ არ მომკლავს. ასევე, მინდა, პოლიციაში რომ დავრეკავ, პოლიცია იყოს ღირსეული — ვგრძნობდე, რომ ის ჩემი დამცველია და არა თავდამსხმელი და მანიპულატორი.
და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — სიღარიბეს არ უნდა შევეგუოთ. არ შეიძლება ქვეყნის 30% სოციალურად დაუცველი იყოს, რომლითაც მერე მანიპულირებს ნებისმიერი რეჟიმი, ნებისმიერი სისტემა, ნებისმიერი ბიზნესი და ნებისმიერი მონოპოლია. სიღარიბესთან შეგუება უნდა დავიყვანოთ ნულამდე.
როცა სვამენ კითხვას: „გვეშველება რამე?“
კი, გვეშველება — ოღონდ მაშინ, როცა ყველა იქნება მოტივირებული.
მე კი გავდივარ, მაგრამ გვეშველება მაშინ, როცა ყველა გამოვა.
—————————————————————–








