“ვის აბოლებ?!”, “ჩმორი ხარ!”, “რამდენიც მითქვამს, იმდენი მოგხვდა…”, “გცემ!” – ეს სიტყვები ქუჩაში ნათქვამ-გაგონილი არ გეგონოთ, ამ სიტყვებით ჩვენი ქვეყნის მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, ირაკლი ზარქუამ მიმართა ოპოზიციური პარტიის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს გიორგი ვაშაძეს, პოლიტიკურ ტოქ-შოუში. რატომ მეტყველებენ მსგავსი ფრაზებით ქვეყნის მმართველები, რა გავლენას ახდენს მათი მენტალობა პოლიტიკურ პროცესზე და რა გამოწვევის წინაშე აყენებს ქვეყანას, ამის შესახებ ანალიტიკოსი, გია ხუხაშვილი კვირის პალიტრასტან საუბრობს:
”ე.ი. უკვე პოლარიზაციაზე აღარ არ არის საუბარი, საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის. დაპირისპირებას თავი დავანებოთ, როდესაც ხელისუფლებაში ისეთი მანერებისა და ლექსიკის მქონე ადამიანები არიან, როგორიც ირაკლი ზარქუაა, სახელმწიფოს უსაფრთხოების საკითხი დგება დღის წესრიგში. ასეთი მენტალობის, აღზრდისა და განათლების მქონე ადამიანების ხელისუფლებაში ყოფნა ქვეყანას აყენებს ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე, ე.ი. ჩვენ არაადეკვატური ხელისუფლება გვყავს. ეს არაადეკვატური ადამიანები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ, ისინი არიან პასუხისმგებლები თითოეული ჩვენგანის, ჩვენი შვილების და შვილიშვილების აწმყოსა და მომავალზე. წარმოგიდგენიათ რა დღეში ვართ?!