“ჩვენ, მოკვდავნი, ერთმანეთს ვენაცვლებით და ვქმნით საქართველოს უკვდავებას” – გია მურღულია

ფილოლოგი, გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ის საქართველოზე და მის უკვდავებაზე წერს.

“შესაძლოა, სწორედ ამ დილას დაიბადა დიდი ქართველი მოაზროვნე, პოლიტიკოსი, მეცნიერი, ხელოვანი ან სპორტსმენი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სახელსა და დიდებას კიდევ ერთხელ მოუტანს.

ეს ქართული ენერგიის მორიგი გამობრწყინება იქნება.
მერე რა, რომ ამას, ალბათ, ვერ მოვესწრები – ადამიანები მოდიან და მიდიან.
ეს უმნიშვნელოა.
საქართველოს სულიერი თუ მატერიალური სხეულის მშენებლობა მთელი ისტორიის განმავლობაში (სულ ბოლო დღემდე!) გრძელდება და ყოველი დიდი გამარჯვება უკვე წასულებს, ახლა მყოფებსა და ჯერ არდაბადებულებსაც ერთი დიდი სიხარულით გვაერთიანებს.
გზა დავულოცოთ საქართველოს შვილსა და მშენებელს, რომელიც იქნებ ახლა დაიბადა.
ვასწავლოთ და მასთან ერთად თავადაც ვისწავლოთ ჩვენი ქვეყნის სიყვარულიც და მისთვის გარჯაც!
ეს ჯაჭვი სამყაროს დასასრულამდე არ გაწყდება.
ერთხელ უკვე ვთქვი:
ჩვენ, მოკვდავნი, ერთმანეთს ვენაცვლებით და ვქმნით საქართველოს უკვდავებას – მის დიდ და მშვენიერ სიცოცხლეს!
ჩვენი სამშობლო ყოველდღე იქმნება ფიქრით, სიტყვით და საქმით.
პრობლემები?
ისინი თავზე საყრელად გვქონდა, გვაქვს და გვექნება მომავალშიც (ასეთია ცხოვრების არსი), მაგრამ ქართველები ყოველ დილას შევძახებთ სამყაროს:
“ჰოპლა – ჩვენ ვცოცხლობთ!”, – წერს მურღულია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share