კახეთში კორონავირუსი აღმოაჩნდა ყვარლის ხარების ტაძრის 35 წლის მღვდელს. რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურეს ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრში.
გასულ კვირაში, სასულიერო პირი იმერეთის რეგიონში, თერჯოლაში იმყოფებოდა მამის გარდაცვალების წლისთავის აღსანიშნავად. იმერეთი კორონავირუსის შემთხვევების მატებით მესამე ადგილზეა აჭარისა და თბილისის შემდეგ.
ყვარელში დაბრუნებულმა სასულიერო პირმა მაღალი ტემპერატურის გამო მიმართა ადგილობრივ ცხელების ცენტრს. კორონავირუსზე ტესტირებამ დადებითი შედეგი აჩვენა.
ყვარლის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, სასულიერო პირი ეკლესიასთან არსებულ საცხოვრისში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს. მასთან კონტაქტში მყოფი 10 პირი თვითიზოლაციაშია და ტესტირებისთვის ბიოლოგიურ მასალას იმ შემთხვევაში აუღებენ, თუ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ექნებათ.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ინფიცირებულ მღვდელთან კონტაქტში მყოფთა შორის არიან თავად ხარების ტაძრის და სოფელ შილდასთან მდებარე ლომისის ეკლესიის ორი მსახური.
14 ოქტომბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევაა. ყველაზე მეტი – 23 – ყვარელში. თელავში – 11, ახმეტაში – 19, გურჯაანში – 15, ლაგოდეხში – 21, დედოფლისწყაროში – 3 და სიღნაღში – 16. ამ დრომდე კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ არის საგარეჯოში.