დავით-გარეჯის ბურუსით მოცულ საქმესთან დაკავშირებით, დაკითხულ პირთა წრე სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ბოლოს საგამოძიებო უწყება ყოფილი პრემიერ-მინისტრით ზურაბ ნოღაიდელით დაინტერესდა.
როგორც სოციალურ ქსელში გასაჯაროებული დოკუმენტით გახდა ცნობილი, ყოფილი პრემიერი აზერბაიჯანელი კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში დავით გარეჯს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ძეგლად მოიხსენიებს.
„წინა ხელისუფლების დროს თუ რაიმე გადაწყვეტილება იყო მიღებული დავით-გარეჯთან დაკავშირებით, ეს მიხეილ სააკაშვილის გარეშე ვერ მოხდებოდა. დავით-გარეჯის ნაწილის გადაცემასთან დაკავშირებით, სააკაშვილსა და აზერბაიჯანს შორის, ალბათ, ზეპირსიტყვიერი შეთანხმება არსებობდა, თუმცა რატომ არ მიეცა ამ ყველაფერს დოკუმენტის სახე, გასარკვევია.
საგამოძიებო უწყება, ალბათ, სააკაშვილამდეც გავა. ნოღაიდელმა დაადასტურა, რომ აზერბაიჯანსა და წინა ხელისუფლებას შორის ასეთი შეთანხმებები არსებობდა. ნოღაიდელის გარდა, ალბათ, სხვა პირებსაც დაიბარებს საგამოძიებო უწყება გამოკითხვაზე. თუ არა სამართლებრივი, პოლიტიკური პასუხისმგებლობის სუნი ნამდვილად ასდის ამ ყველაფერს. იმედი მაქვს, ყველაფერი სრულად გაირკვევა და დავით-გარეჯის საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებაში კითხვები აღარ დარჩება“,- განაცხადა ძაბირაძემ.
ინფორმაციისთვის, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ზურაბ ნოღაიდელმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია პასუხისმგებელი.
„მედი მქონდა და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დეტალურად იყო განხილული უშუალო პასუხისმგებელი პირების მიერ და მათ ზუსტად იცოდნენ, რომ სხვა დოკუმენტი, რუკა თუ არგუმენტი, არ არსებობდა. პირველ რიგში, ეს მიხეილ სააკაშვილის უშუალო პასუხისმგებლობაა.
ისევე, როგორც დღესაც ვარ პასუხისმგებელი ყველა იმ ეკონომიკურ დოკუმენტზე, რომელიც 2005 – 2007 წლებში განხილულა სადმე, დღესაც და 13 წლის მერეც, წინასაარჩევნოდ და ამის მერეც, ყველა წარდგენილ დოკუმენტზე ვარ ჩემი თავით და კისრით პასუხისმგებელი, ისევე უნდა იყვნენ სხვა მონაწილეები პასუხისმგებელი თავიანთ გადაწყვეტილებებზე, თავიანთი პასუხისმგებლობის სფეროში შემავალ საკითხებზე.
სხვანაირად არ ხდება. ეს საკითხი უნდა გაირკვეს ნამდვილად – ვინ არის პასუხისმგებელი პოლიტიკურად, ვინ არის პასუხისმგებელი, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტური არგუმენტები და ჩვენ ეს ვერ გამოვიყენეთ” – განაცხადა მთავრობის ყოფილმა მეთაურმა.