„ხალხს კუბოები-ხელისუფლებას რესტორანი“ -ოპოზიცია თალაკვაძის მორიგ “ახირებას” აკრიტიკებს

ოზურგეთის მერიის გადაწყვეტილებას, საკუთარი ადმინისტრაციული შენობის სახურავზე რესტორნის მშენებლობის შესახებ – ოპოზიციაში ვნებათაღელვა მოყვა.

მთავარ ოპოზიციურ ძალაში აცხადებენ რომ ოზურგეთის მერის ავთანდილ თალაკვაძის მორიგი ახირება-მერიის ადმინისტრაციული შენობის თავზე რესტორნის მშენებლობაზე-რაც ადგილობრივ ბიუჯეტს მილიონამდე ლარი დაუჯდება-საზოგადოების აბუჩად აგდებაა.

ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ დავით მჟავანაძე მიიჩნევს, რომ მაშინ როდესაც მუნიციპალიტეტში უამრავი პრობლემაა ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკუთარი კაბინეტის თავზე რესტორნის მშენებლობა გაურკვეველი, გასაოცარი და აღმაშფოთებელია.

”ოზურგეთის მერმა გადაწყვიტა, რომ საკუთარი კაბინეტის თავზე რესტორანი გააშენოს და მისი ამ ახირების განხორციელება ოზურგეთის მოსახლეობას ასობით ათასი ლარი დაუჯდება, მაშინ როცა უამრავი პრობლემა არის მუნიციპალიტეტში მოსაგვარებელი, როდესაც გზების პრობლემაა , წყლის პრობლემაა, სოფლებს დღემდე არ მიეწოდება წყალი და ასე შემდეგ. არის ასობით ოჯახი, რომლებიც მეწყრულ ზონაში ცხოვრობენ და  გამოსახლებას ექვემდებარებიან. ნაცვლად იმისა, რომ ამ ადამიანების პრობლემები მოგვარდეს, ოზურგეთის მერს ყოფნის იმის ფანტაზია, რომ საკუთარი კაბინეტის თავზე მოაწყოს რესტორანი, სადაც ის ავა , ძალიან გადაღლილია და მოისვენებს, შემდეგ ჩამოვა და გააგრძელებს ისევ მუშაობას. არაფერში არ ჯდება ეს. მერმა მისი ფანტაზიები სხვა მიმართულებით დახარჯოს და ოზურგეთის პრობლემების მოგვარებაზე იყოს ორიენტირებული.” – აცხადებს მჟავანაძე.

ნასაკირალის მაჟორიტარი დეპუტატი ბესო ქათამაძე ამბობს, რომ ძმები თალაკვაძეების გადაწყვეტი;ება მორიგი „ქოცური“ შედევრია“ „ხალხს კუბოები-ხელისუფლებას რესტორანი“.

“მერი, რომელიც სტუმრად არის ამ ქალაქში, საკუთარ კაბინეტშია ჩაკეტილი და ერთ სოფელშიც არ ყოფილა, დაინიშნა ამ თანამდებობაზე იმიტომ, რომ ის არ აურჩევია ოზურგეთის მოსახლეობას, თავისი ახირების დასაკმაყოფილებლად ქალაქის ცენტრში დაგვიდგა კუბო-ქოთნები, გვერდით მიუდგა ნაფნაფის და ნუფნუფის ხის ბუტკები და ახლა გადაწყვიტა, რომ საკუთარი კაბინეტის თავზე დადგას კაფე-ბარი, რომელში შესვლაც მოქალაქეებს არ შეეძლებათ, სადაც მხოლოდ მის სტუმრებს მიიღებს და წარმოაჩენს საკუთარ თავს, როგორ კომფორტში არის თვითონ 6 ათას ლარიანი ხელფასით. ეს არის ოზურგეთლების დაცინვა. ეს არის მერი, რომელიც არცერთ პროექტს სამოქალაქო საზოგადოებას და ამომრჩეველს არ უთანხმებს და რაღაც პრივილეგირებულის კასტასთან და სამეგობროსთან, რომლებსაც კორუფციული გზით ტენდერებს უფორმებს, ესეთ სიმახინჯეებს უდგამს ხალხს” – აცხადებს ქათამაძე.

ოზურგეთის მერია ადმინისტრაციული შენობის სახურავზე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც შენობის სხვენზე კაფე-რესტორანი და საკონფერენციო დარბაზი აშენდება-მიმდინარე წელს გეგმავს.

მერიამ საპროექტო სამუშაოებისათვის 35 ათასი ლარი გამოყო და პროექტებიც გაასაჯაროვა.

რაც შეეხერბა მშენებლობას, ადგილობრივი ხელისუფლება გავრცელებული ინფორმაციით ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

ჩვენ შევეცადეთ მერიისგან ოპოზიციის ბრალდებებზე და პროექტზე კომენტარის მოპოვებას, თუმცა დაცვის პოლიციამ შენობაში არ შეგვიშვა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share