ოზურგეთს ერთი მილიონერი შეემატა-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ, თავის მერობის დროს დაგროვებული ქონებების გაყიდვა დაიწყო.
გავრცელებული და გადამოწმებული ინფორმაციით, ოზურგეთის ყოფილმა მერმა, ბეგლარ სიორიძემ, თავისი მერობის დროს, 2014-17 წლებში შესყიდული ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმთან მისასვლელი კიბე და მიმდებარე ტერიტორია ჯერ-ფიქტიური თანამშრომლების მეშვეობით-შეისყიდა, შემდეგ მის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ “დასუფთავების სამსახურს ამ მიწაზე მაღაზიატა ქსელი ააშენებინა, მიმდინარე წლის დასაწყისში კი ეს შენობები 200 ათას აშშ დოლარად გაყიდა.
ამ დღეებშივე სიორიძემ, გმირთა მოედანზე, ე.წ. “მცირე ავტოსადგურის” მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საკუთარი შენობაც გაყიდა, გავრცელებული ინფორმაციით 60 ათას აშშ დოლარად.
მიწა, რომელზედაც მოგვიანებით ეს შენობა აშენდა, სიორიძემ საკუთარი მერობის დროს, ასევე საკუთარი თანამშრომლების გამოყენებით შეიძინა და ააშენა.
სიორიძე მერობის პერიოდში ისე გათავხედდა რომ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში მისასვლელი კიბეც კი შეიძინა და ახლაც მის საკუთრებაშია.
თუ რატომ ყიდის ყოფილი მერი ქონებას, ამის გარკვევას “გურიის მოამბე” თავად სიორიძესთან შეეცადა, მართალია მან ჯერ დაადსტურა რომ ეს ფართები მისია და გაყიდა, თუმცა მოგვიანებით ტელეფონში ღრიალი მორთო და ამ თემაზე საუბარი აგვიკრძალა:
“დაიკარგეთ აქედან, მეტი არ გაბედოთ და არ დამირეკოთ, რა თქვენი საქმეა რა გავყიდე და რატომ’ – ყვიროდა სიორიძე.
აღსანიშნავია, რომ სიორიძემ საკუთარი მერობის დროს უამრავი შენობა ნაგებობები და მიწის ნაკვეთები შეისყიდა, მათ შორის ოზურგეთის ყოფილი ‘ეპიდსადგური” სადაც ახლა მის მფლობელობაში არსებული “ოზურგეთ პლაზაა”, ასევე მიწის ნაკვეთი ოზურგეთის ბაზარში, სადაც იგივე დასუფთავების სამსახურს უზარმაზარი შენობა ააშენებინა.
მიუხედავად იმისა, რომ მედია არაერთხელ წერდა ამ კანონდარღვევებე, შესაბამისი ორგანოები არასდროს არ დაინტერესებულან მომხდარით.