მოსახლეობის პროტესტი თუ მერიის “KNOW HOW” – მარიხუანას პლანტაცია ოზურგეთის ცენტრში

ქალაქ ოზურგეთის ცენტრში, პროკურატურიდან და საპატრულო პოლიციიდან 15 და ოზურგეთის პოლიციიდან 30 მეტრში მარიხუანას პლანტაცია “ბიბინებს”.

დღეს  ტვ”მთავარის” da “გურიის მოამბეს” გადამღებმა ჯგუფებმა ოზურგეთის ცენტრალურ ზვიად გამსახურდიას (თეატრალურ) მოედანზე, ოზურგეთის რაიონული პროკურატურიდან და ოზურგეთის საპატრულო დეპარტამენტის ოფისების წინ, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის შენობიდან 30 მეტრში – მარიხუანას პლანტაცია აღმოაჩინა.

თეატრალურ მოედანზე, იქ სადაც ოზურგეთის მერიამ ცოტა ხნის წინ ინფრასტრუქტურული პროექტი დაასრულა და ეს ადგილი “კუბოებით” მორთო, თავად ამ “კუბოებში” ასზე მეტი ძირი მარიხუანაა დარგული და მოსავალს უკვე იძლევა.

მერიის ამ მოედნის “კუბოებით” მორთვა მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა გააპროტესტა და მერიისაგან მისი აღება მოითხოვა, თუმცა მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, მოსახლეობის მოთხოვნებს “ყური არ ათხოვა”.

აქედან გამომდინარე ძნელია დადგენა მარიხუანას დარგვა, მოსახლეობის პროტესტია მერიის უყურადღებობაზე თუ თავად მერიის “ნოუ ჰაუ”.

კომენტარს მომხდარზე ოზურგეთის მერიაში არ აკეთებენ,  პოლიციაში გვითხრეს რომ დაშორება პოლიციის შენობიდან მარიხუანას პლანტაციამდე არა 30 არამედ სამოცი მეტრია, საპატრულო სამსახურში ამბავი გაიკვირვეს და პლანტაციის გაშენებასთან უწყების კავშირი უარყვეს.

რაც შეეხება ოზურგეთის პროკურატურას, შენობაში არც შეგვიშვეს, სატელეფონო საუბარში კი პროკურატურის ინკოგნიტო წარმომადგენელმა გვირჩია განცხადება დაგვეწერა და რამდენიმე დღეში ამ განცხადებას განიხილავდნენ..

ერთადერთი ვინც მომხდარს გამოეხმაურა მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები არიან.

ოზურგეთის საკრებულოს წევრები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” თათია ნიკოლაშვილი და დავით მჟავანაძე აცხადებენ, რომ არ გაუკვირდებათ ამ ხელისუფლების პირობებში,. რომ ეს მარიხუანას პლანტაცია “აწარმოე საქართველოში” პროექტიდან დაფინანსებული იყოს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share