ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 23 მაისის გადაწყვეტილებით, კურორტ ბახმაროში, ქონება, სახლი და მიწის ნაკვეთი 269 მოქალაქეს დაუყადაღდა.
მათ შორის არიან მესაკუთრეები ოზურგეთიდან, ჩოხატაურიდან და ლანჩხუთიდან-ამირან მამალაძე, შოთა კუჭავა, ავთანდილ წილოსანი და კიდევ 266 მესაკუთრე.
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, ეს გადაწყვეტილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს ერთობლივი მიმართვის საფუძველზე მიიღო.
ეკონომიკის სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სარჩელით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, რომლითაც უჩივლეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს.
დავის საგანია – კურორტ ბახმაროში – 2007-10 წლებში გაცემულ საკუთრების უფლებების მოწმობები.
ორთავე ეს უწყება ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ჩივლობს და 300 მდე მოქალაქის ქონებას ედავება.
ეს ქონებები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა 2007-2010 წლებში დაარეგისტრირა.
ეკონომიკის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მოქალაქეებმა უწყება შეცდომაში შეიყვანეს და ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს.
დიდი ალბათობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია არ შეეწინააღმდეგება სარჩელს და მას აღიარებს, რითაც დაადასტურებს რომ სამინისტროს მოთხოვნა არის სამართლიანი-შესაბამისად მოქალაქეებს გაუუქმდებათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები.
საინტერესოა, რომ საქმე სასამართლოში ისე მიმდინარეობს მასში არ ჩართულან მესაკუთრეები, რადგან ისინი წარმოადგენენ მესამე მხარეს და დავა მიმდინარეობს ორ მხარეს – ეკონომიკის სამინისტროსა და ჩოხატაურის მერიას შორის.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას ამ დავის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა აქვს.
- ოზურგეთის რაიონული სასამართლო; დროებითი განჩინება; 050310020003996684 ; 23/05/2023
როგორც ჩვენთან საუბარში ადგილობრივი ექსპერტები განმარტავენ, შემდეგ იგივე პროცესები დაიწყება, რაც კურორტ გომისმთაზე გასულ წლებში მოხდა, სადაც სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ 7 500 მოქალაქეს მიწები დაურეგისტრირა, არჩევნების შემდგომ კი პროკურატურამ საქმე თაღლითობის მუხლით აღძრა – თითქოსდა ამ მოქალაქეებმა შესაბამისი უწყებები შეცდომაში მიზანმიმართულად შეიყვანეს.
ასეულობით ადამიანის ბათუმში ჩაყვანისა და ზეწოლების შედეგად. უამრავმა მოქალაქემ მიწის ნაკვეთზე უარი ნებაყოფლობით თქვა.