გურიაში რუსეთის იმპერიის გამარჯვების დღე აღნიშნეს. 1854 წლის ჩოლოქის ბრძოლის შედეგები სოფელ ჭანიეთის მოსახლეობის ნაწილმა იზეიმა. წლევანდელი ღონისძიებები განსაკუთრებული აღმოჩნდა. ადგილობრივებმა ყირიმის ომის პერიოდში რუსეთის იმპერიის ოსმალეთზე გამარჯვებას სიმღერეები მიუძღვნეს და მდინარეს ყვავილები გაატანეს. ღონისძიების ორგანიზება ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელმა ითავა.
ავთანდილ სრუგულაძე ამბობს, რომ ტრადიციას დიდი ხანია მისდევენ, რადგან ამ ომს ჭანიეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შეეწირა.
”ჩვენს სოფელთან მოხდა ეს ბრძოლა და ჩვენი სოფლელები გავდივართ აღვნიშნავთ, ყვავლები ჩავყარეთ, იქ სიმღერა ჩავდეთ. არ მეუხერხულობა, ჩვენი სოფლელები, ქართველები დაიღუპნენ და ვიგონებთ გმირებს” – ამბობს სურგულაძე.
ამ ღონისძიებაში კი ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც იყვნენ ჩართულები. ღონისძიებას პირადად ესწრებოდა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა თოიძე.
”ეს არის სოფლის ტრადიცია, ყოველწლიურად აღნიშნავენ ამას. რა შუაშია რუსეთი, ჩვენ ჩვენი ბიჭები გავიხსენეთ” – ამბობს თოიძე.
ადგილობრივი ოპოზიცია კი ამბობს, რომ ეს რუსეთის იმპერიის გამარჯვების დღეა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში ამ მოვლენის აღნიშვნა გასაკვირი არ არის. მათი თქმით, “ქართული ოცნება” რუსულ პოლიტიკას უკვე ღიად აწარმოებს.
”პირდაპირ ისტორიულ წყაროებში წერია, რომ ეს არის რუსეთის იპერიის გამარჯვება თურქეთზე. აი, ამას აღნიშნავენ. უდიდესი ტრაგედია, არის ის, რომ აღარ უკვირს, სამწუხაროდ, არავის, იმიტომ, რომ რუსეთიფიკაცია კი არა, რუსეთში ვცხოვრობთ ჩვეულებრივად და ივანიშვილის რჩეულ მონები ამას უკვე აღარ მალავენ” – ამბობს ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან თათია ნიკოლაშვილი.
წყარო ტვ პირველი