“მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება”, – ამის შესახებ მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაშია საუბარი, რომელიც მიშა მშვილდაძეზე თავდასხმას ეხმაურება:
მედიის ადვოკატირების კოალიცია გმობს ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელსა და წამყვანზე, მიშა მშვილდაძეზე ფიზიკური თავდასხმის ფაქტს. ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ხელისუფლების მხრიდან მედიის მიმართ დანაშაულებზე უმოქმედობა, კრიტიკული აზრის მიმართ ანტაგონისტური რიტორიკა თუ მიზანმიმართული დისკრედიტაცია მსგავსი სახის დანაშაულებს კიდევ უფრო ახალისებს.
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. მშვილდაძის განცხადებით, “… მას სახეში მუშტი დაარტყეს, შემდეგ წაიქცა და სანამ წამოდგებოდა, თავდამსხმელი ფიზიკურ ანგარიშსწორებას აგრძელებდა.” [1]
ჟურნალისტები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში როგორც ხელისუფლების და, საზოგადოდ, ძალაუფლების მქონეთა მაკონტროლებლები. ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებელზე თავდასხმა აშკარა მცდელობაა, ჩაახშოს მედიის თავისუფლება და არ მისცეს ჟურნალისტებს საშუალება, თავიანთი პროფესიული მოვალეობა შეასრულონ.
მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოიძიოს მიშა მშვილდაძეზე თავდახმის ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავე პირები კანონის მთელი სიმკაცრით დროულად დაისაჯონ, – წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, დღეს ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეს მაღაზიაში თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებების გამო ის კლინიკაში მივიდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.