ბალტიისპირეთიდან ჯავშნები გაუქმდა, რადგან ბათუმი ბევრი რუსი ტურისტის ქალაქად აღიქმება, – ამის შესახებ “სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თქვა.
მისი განცხადებით, ევროპული ჯავშნების რაოდენობა არ იზრდება.
„დასავლეთ ევროპიდან ჯგუფური ტურიზმი 90%-ით არის შემცირებული. მას შემდეგ, რაც რუსეთთან ფრენები გავხსენით ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ჩამოსულმა ტურისტებმა, განსაკუთრებით ბათუმში, ამხელა მოწოლა ნახეს რუსი ტურისტების, ამიტომ ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა ბათუმში და ახალი ჯავშნები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან არ შემოდის. მათთვის ბათუმი აღიქმება, როგორც ძალიან ბევრი რუსის კონცენტრაციის ქალაქად და ისინი აღარ ჩამოდიან. ევროპული ჯავშნების რაოდენობა არ იზრდება“, – განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.
რაც შეეხება საქართველოს სტაბილურ პარტნიორებს, მან თქვა, რომ ასეთი ისრაელია.
“ტურისტების რაოდენობა გაზრდილია პოლონეთიდან. ჩვენი სტაბილური პარტნიორი კი ისრაელია. გალფის ქვეყნებიდანაც არ გაზრდილა ნაკადების რაოდენობა, რადგან მათთვის თურქეთის საზღვრის გახსნა მოხდა და სამწუხაროდ, თურქეთს კონკურენციას ვერც ფასით ვუწევთ, ვერც მომსახურების დონით და ვერც სერვისით, ამიტომ საკმაოდ ბევრი ტურისტი გალფის ქვეყნებიდან თურქეთში გადანაწილდა“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.
მისი მოსაზრებით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაუახლოვდეს საქართველო ჩინეთს და იქიდან მოხდეს ტურისტული ჯგუფების შემოყვანა:“ ევროპისთვისაც ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩინელი ტურისტების დაბრუნებაა. ასევე ერთ-ერთი დიდი ბაზარია ინდოეთი“.