ბათუმის პორტში დგას მილიარდერ ჯეიმს საიმონსის კუთვნილი ხომალდი “არქიმედე”, რომელიც 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ინფორმაციას გამოცემა “ბათუმელები” ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, 85 წლის მილიარდერი ამჟამად თავადაც ბათუმში იმყოფება. Forbes-ის მონაცემებით, 2023 წლის მდგომარეობით, საიმონსის ქონება 28 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, რითიც ის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის 52-ე ადგილს იკავებს.
საიმონსი არის მსხვილი სავაჭრო ჰეჯ-ფონდის Renaissance Technologies -ის დამფუძნებელი. მან იგი 1982 წელს დააფუძნა და 2010 წელს დატოვა თანამდებობა, თუმცა „ფორბსის“ თანახმად, იგი კვლავაც თამაშობს როლს Renaissance Technologies-ში და იღებს სარგებელს ფონდის საქმიანობიდან.
Forbes-ის 2022 წლის ყველაზე მსხვილი ამერიკელი ფილანთროპების სიაში საიმონსი მე-8 ადგილს იკავებს. სიის პირველი შვიდეული კი ასე გამოიყურება: უორენ ბაფეტი, ბილ და მელინდა ფრენჩ გეითსები, ჯორჯ სოროსი, მაიკლ ბლუმბერგი, მაკკენზი სკოტი, ჩარლზ ფინი, გორდონ და ბეტ მურები. განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მდგომარეობით, ჯეიმს საიმონსს ქველმოქმედებისთვის 4 მილიარდი დოლარი აქვს გაღებული.
ჯეიმს საიმონსი განათლებით მათემატიკოსია. ვიეტნამის ომის დროს, ის აშშ-ის არმიისთვის კოდების გამტეხად მუშაობდა.