როდემდე გაგრძელდება სამაშველო სამუშაოები? – რა ხდება სტიქიის ზონაში

სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისი, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი – ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებზე, რომელიც კვირაზე მეტია მიდის და 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

დამეწყრილ ზონაში 25 კილომეტრის არეალში სამძებრო სამუშაოები ათ ლოკაციაზე მიმდინარეობს, რომელშიც 800-ზე მეტი ადამიანია ჩართული, მათ შორის მაშველები და სამხედროები. მუშაობს მძიმე ტექნიკაც. ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 იდენტიფიცირებულია, მათ შორის არიან ბავშვები. 12 ადამიანს კი კვლავ ეძებენ. სულ სტიქიას, ოფიციალური ცნობებით, 210 ადამიანი გადაურჩა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს. დაკარგულთა რიცხვი არ გაზრდილა. როგორც თემურ მღებრიშვილი აცხადებს, ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა თავისი ახლობელი, ოჯახის წევრი, სულ მცირე, მოიკითხოს და თუ უწყებაში მსავსი ინფორმაცია შევა, ოპერატიულად გადამოწმდება.

„არსებობს გონივრული ვადები იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს კონკრეტული სტიქიური უბედურების ზონებში, თუმცაღა პრემიერისა და შს მინისტრის დავალებით სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იმ დრომდე, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმისა, რომ გარდაცვლილი იქნეს ნანახი, თუნდაც რაიმე სახის ფრაგმენტი, სამწუხაროდ, გვიწევს ამ ძალიან მძიმე თემაზე საუბარი”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რეზინის ბოტების, ფორმის, სპეცაღჭურვილობის საკმარისი მარაგები აქვს, თუმცა ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, როგორც კი დღის წესრიგში დგება სარეზერვო მარაგების გამოყენება, ხდება შესყიდვების მობილიზება და აქედან გამომდინარე, სწრაფად ხორციელდება შესყიდვები და მარაგების შევსება.

„რაც შეეხება რეზინის ბოტებს და ფორმას, ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან, ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, შეიძლება, ნებისმიერ წუთს გახდეს საჭირო ჩვენი სამსახურის ჩართულობა. ჩვენ საკმარისი გონივრული მარაგები გვაქვს საწყობებში, ეს ეხება ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეცაღჭურვილობას და ა.შ., დაწყებული მცირე ხელსაწყოთი და დამთავრებული მძიმე სპეცაღჭურვილობით, რომელიც საკმარისი რაოდენობით გვაქვს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მარაგებში გვაქვს.

„როგორც კი დღის წესრიგში დგება ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს, რადგან, ღმერთმა დაგვიფაროს, არ ვიცით, ხვალ რა სახის ღონიძიებაში და რა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება მოგვიწიოს ჩართვა როგორც ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ, თუნდაც თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგებზე ჩართულობის დროს. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად, ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და მარაგების შევსებას.

„მინდა, მოვუწოდო ყველას, ყველაზე მეტად კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, შემიძლია, ჩემი ტელეფონი პირდაპირ ეთერშიც დავასახელო, დაგვირეკონ, შეგვეკითხონ, დასვან კითხვა, მიიღონ პასუხები. ადამიანმა რატომ უნდა ჩათვალო, რომ არა გვაქვს, რადგან დამატებითი რეზერვების შევსებას ვიწყებთ? ეს ხომ არასერიოზული მიდგომაა”, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მანამდე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ სამინისტრომ მაღალი ხარისხის სატელიტური ფოტოები მიიღო, რომელიც ადასტურებს იმ შეფასებებს, რომელიც მოყვანილია გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველად დასკვნაში.

მისი თქმით, ერთი ფოტო გადაღებულია 3 აგვისტოს, სტიქიის განვითარებამდე გარკვეული პერიოდით ადრე, სადაც ჩანს, რომ რაიმე ტიპის ცვლილებას ადგილი არ აქვს, ხოლო მეორე ფოტო სტიქიის შემდგომ არის გადაღებული და დასტურდება, რომ სტიქია დაიწყო კლდეზვავის ჩამოშლით და შემდგომ, უკვე მყინვარის მოწყვეტით.

გარემოს ეროვნული სააგენტოს პირველადი დასკვნის მიხედვით კი 3 აგვისტოს მყისიერად განვითარებული სტიქიური მოვლენის ფორმირება მრავალ ფაქტორზე იყო დამოკიდებული და მთელ მსოფლიოში ამ ტიპის მოვლენების ზუსტი დროის პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც დოკუმეტში წერია, სტიქიის ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან შოვის ე.წ. კოტეჯების უბნამდე ღვარცოფულ ნაკადს, წინასწარი გათვლებით, სავარაუდოდ, 8-10 წუთში უნდა მიეღწია.

შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული: მუხლი 116-ე სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და მუხლი 240-ე სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა. თუმცა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილის განცხადებით, საქმის ძიებისას, შესაძლოა, მუხლები გადაკვალიფიცირდეს.

რეზონანსი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share