„ქართულ ოცნებას ერთადერთი თავსატეხი აქვს, დავაშავეთ – რითი გადავფაროთ, ამ ერთ თემაზე მუშაობენ,“ – ეს განცხადება „რეაქციაში“ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მარტის აქციების გადაფარვას და დისკრედიტაციას რომ მიმართავდნენ, ამაში დარწმუნებული იყო.
ამას გარდა, მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ახლაც წინასწარ იცავს თავს ხელისუფლება და სუს-ის განცხადება, რომ გადატრიალება იგეგმება და ალტ-ინფოს დაანონსებული „ანტიმაიდანის“ შეკრებებიც ამის მაგალითია.
ფაქტებით შეგვიძლია საუბარი, რომ ეს არის რუსული ხელისუფლება. იცით, რამ მოიტანა ყველაფერი – თემების თემებით გადაფარვა – დღევანდელ ხელისუფლებას ფინანსური სახსრები მაღალი აქვთ, ყველაფერს აკეთებენ, ნებისმიერის დაქირავება შეუძლიათ, ჩვენ ამ მომენტში ყოველთვის უკან ვიხევთ. თავშივე თუ მოხდა გახმაურებული უსამართლობა, არ უნდა დავიხიოთ უკან და მივიყვანოთ ბოლომდე.
დღესაც არიან ადამიანები, ვინც ჩემზე იძახიან ტერორისტია, ჩემ შვილზეც ამბობენ, მაგრამ ყველამ იცის, რომ ასე არ ყოფილა, მაგრამ დღესაც აქტუალურია ეს თემა, როცა ოცნებას დასჭირდება, რადიკალურმა ჯგუფებმა რომ გაახმოვანონ, როგორიცაა ალტ-ინფო, მათი დაქირავებული ჯგუფები.
ეს იყო ისეთი დანაშაული, რომელიც არ უნდა გვეპატიებინა ხელისუფლებისთვის. მის მერეც მოხდა დანაშაულები და გადაფარეს, ამაში ოსტატები არიან.
ქართულ ოცნებას ერთადერთი თავსატეხი აქვს, დავაშავეთ – რითი გადავფაროთ, ამ ერთ თემაზე მუშაობენ,” – ამბობს მაჩალიკაშვილი.