“პარლამენტში დაიწყო ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ფიზიკური პირების ქონების გადასახადით დაბეგვრას ეხება. დღეს მოქმედი კანონი, რომელიც 20 წლის წინ იყო მიღებული, მოძველდა და მრავალ პრობლემას ქმნის, რომელსაც მთავრობა არ იმჩნევს. ათეულ ათასი ადამიანი მაღალი ჯარიმების შესაძლო დაკისრების გამო ქონების დაკარგვის რისკის ქვეშ დგას, რადგან უკვე ამ გადასახადის გადამხდელები ისე გახდნენ, რომ ამის შესახებ არც კი იციან.
დღეის მდგომარეობით ქონების გადასახადისაგან განთავისუფლებულია წლიური 40 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები. წარდგენილი კანონპროექტით ეს ზღვარი იზრდება 60 ათას ლარამდე. ასევე მცირდება ამჟამად მოქმედი განაკვეთები და მოხდება მათი დიფერენცირება დასაბეგრი ქონების ჯამური ღირებულების შესაბამისად.
დავუშვათ, რომ ერთ ოჯახში დასაქმებულია სამი წევრი და მათი ჯამური წლიური შემოსავალი (დარიცხული და არა ხელზე ასაღები) შეადგენს 40 ათას ლარს. თვეში ოჯახის შემოსავალი( ამაში მხოლოდ ხელფასი არ შედის, სხვა შემოსავლებიც იგულისხმება) იქნება 3300 ლარი, ხოლო ოჯახის ერთ წევრზე გამოდის 1100 ლარი. როცა ამას გამოვაკლებთ საშემოსავლო გადასახადს და საპენსიო შენატანს, ხელზე ასაღები დარჩება დაახლოებით 850 ლარი. დღეს ამდენი შემოსავალი შეიძლება აღმოაჩნდეს სიღარიბის ზვართან ახლოს მდგომ ოჯახებსაც კი.
ეს კანონი მიღებული იყო 2004 წელს. იმის მერე თითქმის ათჯერ გაიზარდა საშუალო ხელფასი, ხოლო ფასებმა 170 პროცენტით მოიმატა, ანუ დღევანდელი 40 ათასი ლარი თითქმის სამჯერ ნაკლები მსყიდველობითუნარიანია, ვიდრე მაშინდელი. თუ ფასების ზრდა გაგრძელდა და შემოსავლებმაც იმატა, რამდენიმე წელიწადში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებიც კი გახდებიან ქონების გადასახადის გადამხდელები.
ჩვენი მოქალაქეების ქონების უდიდესი ნაწილი(მიწა, სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი და ა. შ. ) მემკვიდრეობითაა მიღებული და პირდაპირ არაა იგი დაკავდირებული ოჯახების ამჟამინდელ სოციალურ მდგომარეობასთან.
ერთი წუთით ყველამ დათვალოთ თქვენი საოჯახო შემოსავალი ( ხელფასი, იჯარა, ინდმეწარმეობიდან მიღებული შემოსავალი, სოფლად ყურძნის, ხილის თუ სხვა სახის მოსავლით მიღებული თანხები და ა. შ.), აღმოაჩენთ, რომ უკვე დაბეგვრის ობიექტი ყოფილხართ.
ვნახოთ, რას მოიმოქმედებს საპარლამენტო უმრავლესობა. არსებული მდგომარეობის შენარჩუნება რომ არ შეიძლება, ამას, როგორც ვამჩნევ, ისინიც კარგად აცნობიერებენ” -წერს პარლამენტარი რომან გოცირიძე ფეისბუკის საკუტარ გვერდზე.