„თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს,“ – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებებს განხილვის დროს, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ბატონო რომან, კარვების ქალაქი თქვენი ხელისუფლების დემოკრატიის უმაღლეს მწვერვალად, რომ შემოგვასაღეთ, ეგრეც არ ყოფილა ეგ ამბავი. ძალიან კარგად ვიცი, კარვები, რატომაც დატოვეთ რუსთაველის ქუჩაზე და ბოლოს, რა უქენით მაგ ხალხ. ისიც კარგად ვიცით, ქუჩები, ყველა გასასვლელი რომ ჩაუკეტეთ, ამოახრჩვეთ გაზში ხალხი და ხელკეტებით, რომ ცემეთ ბავშვიან-ქალიანად ყველა, ძალიან კარგად გვახსოვს ეგ. თქვენ რა, მართლა კარვების დადგმა გინდოდათ აქ და დემოკრატიას აჩვენებდით ვინმეს? გადახვედით მთელი პარლამენტი და მთავრობა ლამის სხვა ქალაქსა და სხვა ქვეყანაში აგრძელებდით საქმიანობას. ეგ იყო თქვენი ჩანაფიქრი, გჭირდებოდათ მაშინ, გაითამაშეთ, მაშინ, რაღაც პარტია, მაგრამ ისიც ვერ მიიყვანეთ ბოლომდე წესიერად. ადექით და ბოლოში მაინც დაარბიეთ ის ხალხი.
რაც შეეხება ანა ნაცვლიშვილის რიტორიკას, რამდენჯერმე წამოგვაძახა აქ მიტინგებზე საერთოდ ვინ დგახართო, თუ შეიძლება ხელი აწიოთო? მე მინდა მას შევთავაზო, რომ ერთი კვირით გადმოჯდეს უბრალოდ ჩვენს მხარეს, მინდა კიდევ ერთხელ გავაცნო ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის წლების განმავლობაში, სტუდენტობიდან იბრძოდა, ეს ადამიანები აქ სხედან. ასევე, აქ არის უმრავლესობის წევრი საქართველოს მაშინდელი ომბუდსმენი, ვინც ევროპის ყველაზე საუკეთესო ომბუდსმენად იყო აღიარებული და ვინც გაბედა და თქვენ პირსისხლიან რეჟიმს დაუპირისპირდა. ძმა, რომ დაუჭირეთ და რომ შეუთვალეთ, რომ „შენ ძმას ციხიდან არ გამოუშვებ, თუ არ შეწყვეტ ხელისუფლების კრიტიკასო”, ეგეც კარგად იცის საზოგადოებამ და იმ ძმამაც, რომ შემოგითვალათ, რომ „სადამდეც საჭირო იქნება დავრჩები ციხეში, სანამ თავისუფლება და სამართალი არ გაიმარჯვებსო”, ესეც ძალიან კარგად გვახსოვს საზოგადოებას. თქვენ რა დემოკრატიაზე და კარვებზე ლაპარაკობთ! ომბუდსმენი სცემეთ, დემონსტრაციის დროს შუა ქუჩაში, რუსთაველის გამზირზე და აივნებზე ესროდით ხალხს გაზის ყუმბარებს – განაცხადა თალაკვაძემ.