“არანაკლები დაკითხვა ელოდება ახლა ამ ადამიანს სუს-ში, ზუსტ ინფორმაციას მისცემენ, როგორ და რანაირად უნდა ილაპარაკოს,” – ეს განცხადება რეჟისორმა გია ჭანტურიამ “რეაქციაში” ოკუპანტების მიერ დატყვევებული ლევან დოთიაშვილის გათავისუფლების შესახებ საუბრისას გააკეთა.
როგორც ჭანტურია ამბობს, დოთიაშვილს სუს-ი დირექტივებს მისცემს, რა უთხრას მედიას და ამ ვერსიას საზოგადოება ხვალ მოისმენს. რეჟისორის შეფასებით, სუს-ი რუსული ეფ-ეს-ბე-ს ფილიალია. რაც შეეხება სუს-ის წარმომადგენლის განცხადებას, რომ გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, ჭანტურიასთვის გაუგებარია, სხვა რა ვერსიაზე უნდა იმუშაოს უსაფრთხოების სამსახურმა, გარდა საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და უკანონო გატაცებისა.
”უშიშროების სამსახური ჩვენ არ გვყავს, ფსბ-ის ფილიალია. არანაკლები დაკითხვა ელოდება ახლა ამ ადამიანს სუს-ში, ზუსტ ინფორმაციას მისცემენ, როგორ და რანაირად უნდა ილაპარაკოს და ვერსიას ვნახავთ ხვალ, რა ჩაიფიქრა. გაბედავენ, რომ ამას ათქმევინონ, რომ ჩვენი ბრალი იყო თუ არა. გამოვიძიებთო და როგორ გამოიძიებენ, იქით მხარესთან აქვთ გამოძიების საშუალება, დაკითხვის უფლებას მოგვცემენ იმ სამხედროების? რა თქმა უნდა, არა, ეს არის ფარსი ჩვეულებრივი. რა ვერსიაზე მუშაობენ – იქნებ დედა შეაგინა? რუსებს რამე შეულახა?“ – ამბობს ჭანტურია.