ტენდერები და “ატკატების” გადანაწილება- რატომ დაუპირისპირდა ჩოხატაურის მერი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს?

ჩოხატაურის მერი ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ჩოხატაურის საკრებულოში, ფიზიკურად დაუპირისპირდა-ამის შესახებ ინფორმაციას ენმ-ის ჩოხატაურის ორგა ნიზაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი კორიფაძე ავრცელებს და წერს:

“რამოდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მერს ირაკლი კუჭავასა და ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის ჩოხატაურის საკრებულოში ბექა გამდლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა , დაპირისპირების მიზეზი ტენდერების თემა გახდა და ე.წ ატკატების გადანაწილება , ტენდერების თემაზე კამათი 4 საათი გაგრძელდა და ბოლოს სიტუაცია იმდენად დაიძაბა ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა , გამდლიშვილის განაწყენება მერის ირაკლი კუჭავას და გურიის დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ასე უეცარი დაახლოება გახდა, თუმცა ფაქტია მერს და დეპუტატს უფრო მეტი ტენდერების ატკატების სიყვარული აკავშირებთ ერთმანეთთან ვიდრე საქმის სიყვარული. სუსის ოდეერ ბექა გამდლიშვილს ეტყობა აღარ პატრონობენ პატრონები”-წერს კორიფაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გამდლიშვილი ირაკლი კუჭავას საჯაროდ დაუპირისპორდა. 2019 წელს, სასტუმრო პარაგრაფში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ბექა გამდლიშვილმა ირაკლი კუჭავას მმართველობა დაუწუნა და ივანიშვილს უთხრა, რომ მერი საქმეს არ აკეთებდა, რაზეც კუჭავამ კონკრეტული ფაქტები მოსთხოვა. გამდლიშვილმა მაშინ ეს ვერ შეძლო და ამისთვის, იმავე შეხვედრაზე, ივანიშვილისგან საჯარო საყვედურიც დაიმსახურა. ამავე შეხვედრაზე გაირკვა ისიც, რომ გამდლიშვილს, რომელიც ჩოხატაურში 2014 წელს გამოჩნდა და მანამდე მისი არსებობაც კი არავინ იცოდა, მერობის ამბიცია ჰქონდა და სწორედ ეს მიანიშნა კუჭავამ ოცნების ფრაქციის თავმჯდომარეს, როცა უთხრა, რომ მესამე ვადით მერობას არ აპირებდა. თუმცქ, როგორც ფაქტები ცხადყოფენ გამდლიშვილს კუჭავას არ სჯერა და მასში კონკურენტს ისევ ხედავს.

როგორც ამბობენ, სწორედ ამ მიზეზით გამდლიშვილი მერს უპირისპირდება და ცდილობს გავლენები მოიპოვოს. თავის მხრივ კუჭავა პოზიციების დათმობას არ აპირებს და მისი გუნდის გაძლიერებას ცდილობს, რასაც ამ დრომდე ახერხებს კიდეც.

ჩვენი წყაროს თქმით, ბოლო გამრჯვება კუჭავამ მაშინ მოიპოვა, როცა ვასილ ჩიგოგიძის შტაბი ჩაიბარა და ოცნების საარჩევნო კამპანიას კიდევ ერთხელ ჩაუდგა სათავეში, რამაც გამდლიშვილის და მისი თანამოაზრეების (მათ შორის საკრებულოს წევრების) გაღიზიანება გამოიწვია, რისი გაგრძელებაც სწორედ კორიფაძის მოთხრობილი დაპირისპირება იყო.

ერთი სიტყვით, ჩოხატაურელ მეოცნებეებს შორის დიდი დაპირისიპირება საჯაროდ გამოვიდა _ თანამდებობები, ტენდერები, საკუთარი კეთილდღეობა _ ესაა მიზეზი, რასაც მავანი საქმის სახელით შეფუთვას ცდილობს, თუმცა, როგორც ჩანს ამ შეფუთვაში იმდენად ბევრი ნაგავია, რომ თოკები ვეღარ იჭერს.

“გურიის მოამბე” კორიფაძეს მომხდარზე მეტი დეტალის გასარკვევად დაუკავშირდა.

ინფორმაციის გადამოწმებას ვცდილობთ ასევე ჩოხატაურის მერ, ირაკლი კუჭავასთან და მათ კომენტარებს მიღებისთანავე მოგაწვდით.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share