მეუფე პეტრე ცაავა, ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტი დავით გარეჯის საკითხის შეფასებისას ამბობს, რომ კარტოგრაფები წინასაარჩევნო “ბინძურ” კამპანიად” გამოიყენეს და ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესშიც იყო. მისივე თქმით, რუსეთს, ყარაბაღის მოვლენების შემდეგ “ახალი თამაშის” წამოწყება სურს.
“წინასაარჩევნო ბინძურ კამპანიად გამოიყენეს, რა თქმა უნდა, ეს იყო ГРУ-ს პროექტი, ტელევიზიების წყალობით, იმისა, რომ ინფორმაციამ გაჟონა, მოასწრო ინფორმირება საღი აზრისა, მაინც გასაყალბებელი გამოდგა არჩევნები. […]
მე ვფიქრობ, რუსეთი არ დაცხრა, რომლის ინტერესებშიც ეს იყო, მას ახალი ინტერესები აქვს, რაღაც პირობები გაუჩნდა ყარაბაღის ომის შემდეგ პერიოდში კავკასიაში, რათა ახალი თამაში წამოიწყოს. ის არ დაცხრა, ვინაიდან რეგიონალური კონფლიქტი ყველაზე მეტად აწყობს მას, არამხოლოდ ქართველი ერის, არამედ, კავკასიის დაუძინებელ მტერს”, – ამბობს პეტრე ცაავა.
იგი ამ საქმეს ე.წ. ციანიდის ამბავს ადარებს და ამბობს, რომ აქაც იგივე დამოკიდებულება ჩანს, როგორც პროკურატურის, სამღვდელო დასის, ასევე, ხელისუფლების მხრიდან.
პეტრე ცაავამ, ასევე გაიხსენა აზერბაიჯანში გატაცებული ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საქმეც და თქვა, რომ შეუძლებელია აზერბაიჯანთან “ღირსეულ ფორმატში პარტნიორობა”, როცა ასეთი ფაქტი ხდება:
“მაშინ, როდესაც აზერბაიჯანთან მიმართებით, ხელისუფლება, რომელიც დევნილს, აფგან მუხტარლის დაიჭერს ლამის, საბარგულით გადასცემს ამ მეზობელ ქვეყანას, შეუძლებელია პარტნიორობა ღირსეულ ფორმატში. იმ ქვეყნის მმართველობა, როცა საკუთარ ინტერესებს აი, ასე ფეხქვეშ გათელავს, რომ ადამიანს მოიპარავს და საზღვარს მიღმა ჩააბარებს, შეუძლებელია”.