არჩევნების სამართლიანად ჩატარება არ არის იმაზე დამოკიდებული, სად იქნება სააკაშვილი – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა Chatham House-ის ღონისძიებაზე დასმული კითვის საპასუხოდ განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ რეპუტაციულად, ჯობდა სააკაშვილი ციხეში არ ყოფილიყო, მაგალითად უკრაინაში დაეშვათ მისი ექსტრადაციის ნება, როგორც ამას უკრაინა ითხოვდა.
საქართველოს პრეზიდენტს ჰკითხეს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზეც, რაზე სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ქვეყნის გარეთ შეწყალებაზე არასოდეს საუბრობს და ისიც აღნიშნა, რომ შეწყალება მისი პასუხისმგებლობა და “მასზე არც ქვეყნის გარე და შიდა ზეწოლა გავლენას ვერ ახდენს”
”არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება არ არის იმაზე დამოკიდებული სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის ნავალნი. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომლის პრეზიდენტობის დროს ბევრი რამ მოხდა, არ ვიცი ეს როგორ ითქმის. ავტორიტარული რეჟიმი, სადაც პატიმრების მიმართ ძალადობდნენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ მის მიმართ არასამართლიან მოპყრობას უნდა ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს. რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, ჯობდა სხვაგან ყოფილიყო და არა ციხეში. უკრაინას ჰქონდა ინიციატივა ექსტრადაციის შესახებ და მზად იყო. მე არასდროს ვსაუბრობ ქვეყნის გარეთ შეწყალებაზე. შეწყალებაზე ბევრი საუბრობს და ელოდება. და როცა იწყებ ახსნას, ეს არასამართლიანია სხვების მიმართ. ეს ჩემი უფლებაა და ჩემი პასუხისმგებლობა და მასზე არც ქვეყნის გარე და შიდა ზეწოლა გავლენას ვერ ახდენს” – განაცხადა ზურაბიშვილმა.
Chatham House-ის ღონისძიებაში მონაწილეობენ ორგანიზაციის წევრი პოლიტიკოსები, დიპლომატები, აკადემიკოსები, ბიზნესის წარმომადგენლები და ახალგაზრდები. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილს Chatham House-ის თავმჯდომარე, ევრაზიის პროგრამის დირექტორი, ჯეიმს ნიქსი მასპინძლობს.