“აგენტებად რომ იქეცით საჯარო მოხელეებო და სხვადასხვა თანამდებობის პირებო, ვერ ხედავთ, სუს-ის ნარატივზე და დასმენებსა და დაშინებებზე რომ გადახვედით ვერ ხედავთ? მეტი კი არაფერი იყო 37 წელს,” – ამ განცხადებით ირმა გორდელაძე რუსული კანონის დაბრუნებას ეხმაურება და თვლის, რომ ამ კანონპროექტის შემობრუნება “მტრის წისქვილზე” წყლის დასხმაა.
”როდის იყო ქართველი არ იბრძოდა? – დედაბუდიანად გამოვალთ, გამოვა გურია და მთელი საქართველო, დავდგებით ფეხზე, ამ კანონსაც გავაწვევინებთ და მაგათსაც გავიწვევთ საქართველოდან,” – ამბობს გორდელაძე.
გორდელაძის თქმით, ოცნების მხრიდან საჯარო მოხელეებზე მიდის ზეწოლა და მორალური წნეხის ქვეშ იმყოფებიან.
გორდელაძე ეხმაურება ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის მხრიდან გახმოვანებულ მუქარას მსახიობების მიმართ და ამბობს, რომ ხელისუფლება მათზე ზეწოლას ახდენს.
”განათლებული კაცია და როგორ დარჩა საბჭოურ მენტალიტეტში, როგორ შეიძლება აუკრძალო მსახიობს ან ვინმეს, გამოთქვას საკუთარი აზრი.
ძირითადად ეს ხელისუფლება ეყრდნობა ასეთი მენტალიტეტის ადამიანებს. ძალიან ბევრი ეროვნული ინტელიგენცია, ხელოვანები გამოვიდნენ რუსული კანონის წინააღმდეგ და დაუპირისპირეს მას სწორედ ის ადამიანები, რომლებიც არიან მშიშრები, უპრინციპოები, ყვარყვარე თუთაბერები, ყველას ვერ მოვთხოვთ იყოს მინდია და არიან ყვარყვარე თუთაბერები.
ხალხნო, თქვენ ხართ მორალური წნეხის ქვეშ, გეუბნებიან გააკეთეთ ასე – რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, სად არის სამშობლოს სიყვარული, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა თუ არ გინდათ, საკუთარ შვილებს რა პასუხს გასცემთ, მოდის მტერი, რუსეთი და გეუბნება – შენ არ გინდა ევროკავშირი, ნუ შეხვალ იქ, შემოდი ჩემთან, ჩემი უკანა ეზო გახდიო,” – ამბობს გორდელაძე.