”პროპაგანდას პროპაგანდით უნდა შევებრძოლოთ, მაგრამ როდესაც მოდიან ზეწოლით, მოთხოვნებით, მაშინ იძულებული ხდები, რომ დაიცვა შენი თავი და დაიცვა ყველაზე მაღალი კანონი, რაც კი გვაქვს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს კონსტიტუცია” – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დღეს საჭირო გახდა ტრადიციული უფლებების დაცვა, რომლებიც აღიარებულია ყველა საერთაშორისო დონეზე – ეს არის ადამიანის უფლებები და არა ის, რის გამოცხადებასაც დღეს ცდილობენ გარკვეული ძალები.
„დღეს მსოფლიოში არის 10 მილიონამდე ბავშვი, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ერთი და იმავე სქესის მშვილებლები არიან. მეცნიერულად დადგენილია, რომ ამ ბავშვებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ ფსიქიკური თვალსაზრისით. მეორე პრობლემა ისაა, რომ ამ ბავშვებს ამაზე ლაპარაკი ეკრძალებათ, იმდენად ძლიერია ის ლობი, რომელიც მოქმედებს ამ სფეროში. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც გვიწევს ჩვენ კანონის მიღება“, – განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბერძნეთში, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული, დააკანონებდნენ ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას და ამას დააკანონებდა ის პარტია, რომელიც მოვიდა როგორც კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების პარტია.