სწორი პოლიტიკური განცხადება – ყოფილი პრეზიდენტს მოქმედის “ქართულ აქტი” მოსწონს. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვითარება ადეკვატურად შეაფასა.
როგორც მეოთხე პრეზიდენტმა “ტვ პირველის” გადაცემა “პირველი ხაზისთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა, დღეს ქვეყნის მართვის სადავეები რუსეთთან შეკრულ, კრემლთან კოორდინაციაში მყოფ ჯგუფს უჭირავს, მეორე მხარეს კი არიან ადამიანები, რომლებიც ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებას არ მიიღებს და ევროპულ არჩევანზე უარს არ იტყვის.
მისივე თქმით, ამ კონტექსტში სწორია, რომ კონსოლიდირება მოხდეს ღირებულებების ირგვლივ.
“ეს არის მომენტის ადეკვატური განცხადება, რომელიც ფორმას აძლევს ოპოზიციას და ყოფს მას პრორუსულ და პროევროპულ ბანაკად. ეს სწორი გაყოფაა, რადგან ასეთია რეალობა. ასეთია საზოგადოების შეკვეთაც და ყველაზე სწორია, იყო მისი დაკვეთის ადეკვატური. იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს განაპირობებს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს, აინტერესებთ – შენ პუტინისკენ, მოსკოვისკენ და ივანიშვილისკენ ხარ თუ სხვა მხარეს დგახარ, ამ გაყოფის გაკეთება იყო სწორი”- თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება არჩევნების ნაწილს, რომელიც “ქართული აქტის” თანახმად, ხელახალი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს და რომელმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია, მარგველაშვილი ამბობს, რომ ის დოკუმენტის შემქმნელი არ არის და პუნქტობრივად მისი განვრცობა იმ პირების ვალდებულებაა, რომლებმაც დოკუმენტი შეიმუშავეს.
“ამ ორ მხარეს შორის ნათელი ზღვარი უნდა გაივლოს, ამ ზღვრის გავლება დღეისთვის საკმარისია, დღეს საჭირო არ არის, სიებზე და კოალიციაზე ვილაპარაკოთ. ამის დროც მოვა. ეს მეორადია იმასთან შედარებით, რაც არის იმ სულისკვეთების გაღრმავება, არამარტო ჩვენში და ჩვენს მოქალაქეებში, არამედ მათშიც, ჩვენს პარტნიორებში. მათ უნდა იცოდნენ, რომ დღეს ყველა თაობა ქუჩაში დგას და ქმნის დემოკრატიას, ისევე როგორც დემოკრატიის დამფუძნებელი მამები თავის დროზე ამერიკაში იდგნენ და ქმნიდნენ ამ მონაპოვარს”- დასძინა მან.