ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის განცხადების გარეკლამებაში, სადაც ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ გორში შეკრებილ მოსახლეობას უთხრა, რომ არჩევნების შემდეგ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს “ოს დებსა და ძმებს”, სამთავრობო ტელეარხებმა იმედმა და Postv-მ 1 400 დოლარი გადაიხადეს.
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური პარტიები აქტიურად ხვდებიან მოსახლეობას. გამონაკლისი არც მმართველი პარტია არის. ქართული ოცნების წევრები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილიც, უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა ქალაქში მოსახლეობას ხვდებიან და კონცერტებსაც მართავენ.
2024 წლის 14 სექტემბერს, შეხვედრაზე, რომელიც ქალაქ გორში გაიმართა, ბიძინა ივანიშვილმა მიმართვისას თქვა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო რომ დავალების შესაბამისად მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გაახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საზოგადოებისგან საკმაოდ უარყოფითი რეაქცია მოჰყვა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე დღეა სამთავრობო არხები და ქართული ოცნების სხვა წევრები ბიძინა ივანიშვილის განცხადებისა თუ თავიანთი კომენტარების გასავრცელებლად სოციალური ქსელის პოსტებს არეკლამებენ.
მაგალითად, 14 სექტემბრის შემდეგ, მხოლოდ ქართული ოცნების Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსებული პოსტების დარეკლამებისთვის დაახლოებით 600 აშშ დოლარი არის დახარჯული. აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების წევრებმა, მამუკა მდინარაძემ და შალვა პაპუაშვილმაც გადაიხადეს თანხა თავიანთი პოსტების დარეკლამებაში, რომლებიც ძირითადად ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურებოდა. ამ მიზნით მამუკა მდინარაძემ 100$ დახარჯა, ხოლო შალვა პაპუაშვილმა – 200$.
აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ სამთავრობო არხებიც იხდიან თანხას სოციალური ქსელის რეკლამებში, რათა ხელი შეუწყონ ბიძინა ივანიშვილის განცხადების გავრცელებას.
ტვ იმედმა მამუკა მდინარაძის გამოხმაურებისა და გორში ჩატარებული შეხვედრის ვიდეოს დარეკლამებაში საერთო ჯამში 200 აშშ დოლარი გადაიხადა.
გაცილებით მეტი თანხა გადაიხადა ტელეკომპანია პოსტვ-მ. ბიძინა ივანიშვილის განცხადების დარეკლამებაში ტელეკომპანიამ 700$ გადაიხადა, შალვა პაპუაშვილის გამოხმაურებაში დამატებით 300$, მამუკა მდინარაძისა და კახა კალაძის კომენტარები კი 100-100 აშშ დოლარით დარეკლამდა.
ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილმა გორის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გაკეთებული განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ საზოგადოებას, არამედ 2008 წლის ომის დროს გარდაცვლილ სამხედროებსაც. ქართული ოცნების წევრები და პარტიასთან აფილირებული ტელეკომპანიები კი სოციალურ ქსელში დარეკლამებული პოსტებით ხელს უწყობენ ამ განცხადების გავრცელებასა და საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას”. – წერს ფლანგვა.
ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გორში წინასაარჩევნოდ გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ “უნდა გამოვძებნოთ საკუთარ თავში ძალა ბოდიშის მოსახდელად, რადგან მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”.
“26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები” – თქვა ივანიშვილმა.