რატომ იზრდება საწვავის ფასი

ბოლო 3 კვირაში საქართველოში საწვავი 7-10 თეთრით გაძვირდა-ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი რამდენიმე მიზეზით ხსნის საწვავის გაძვირებას.

“აქ არის ორი მთავარი მიზეზი, რაზეც ანალიტიკოსები საუბრობენ:

პირველი, მოლოდინები იმის, რომ ვაქცინა და ვაქცინაცია თავის ასახვას ჰპოვებს… ფაქტობრივად, რომ არა პანდემია, „ლოქდაუნები“ და მსოფლიოს ტოტალური გაჩერება, ნავთობზე მოთხოვნა არანაირად არ შემცირდებოდა, პირიქით, ეს იყო მზარდი ტრენდი. ამიტომ, მოლოდინები იმასთან დაკავშირებით არის, რომ ვაქცინაცია გარკვეულწილად გახნის ეკონომიკას და დაიწყება მოძრაობა.

მეორე კომპონენტი, რომელიც უკვე დაწყებულია გასული წლის ზაფხულიდან და მოქმედებს ფასზე, ეს არის OPEC + -ის შეთანხმება, ნავთობის მოპოვების კვოტების შემცირებასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, OPEC + -ის მიერ ნავთობის ყოველდღიური მოპოვება სადღაც 9,7 მლნ ბარელით შემცირდა. როდესაც გაჩნდა ჭარბი ნავთობი, ეს ლოგიკური იყო, მსოფლიო გაჩერდა, მოთხოვნილება შემცირდა, შესაბამისად, საჭირო იყო ამ ჭარბი ნავთობის შემცირება, პირველ რიგში, ნავთობმწარმოებლებისთვის, რათა ფასი დაბალანსებულიყო და ფაქტობრივად, მათ ეს ამოცანა წარმატებით შეასრულეს. გასული წელი დამთავრდა ( მოგესხსენებათ, ნულოვანი ფასი იყო, უარყოფითიც გვახსოვს) 55 დოლარზე. გაძვირება დაიწყო გასული წლის მაისიდან და ეტაპობრივად, უმნიშვნელოდ ხდებოდა ზრდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე პლატცის მიხედვით საერთაშორისო ფასები ბენზინზე და დიზელზე, რომელზეც ჩვენ პირდაპირ ვართ დამოკიდებული, იზრდება. ბენზინის შემთხვევაში ტონაზე საშუალოდ, 100 დოლარით არის გაზრდილი, დიზელის შემთხვევაში 60-70-დოლარიანი მატებაა”.-განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share