ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.
ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ველოდოთ მკაცრ ფორმულირებას სამიტის შემდგომ დეკლარაციაში, რობერტა მეცოლამ უპასუხა: „შეგიძლიათ ელოდოთ მკაცრს ფორმულირებას ევროპარლამენტისგან, თქვენ იხილეთ ჩვენს მიერ არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, იმ შეშფოთებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ მის შედეგებთან და იმასთან დაკავშირებით გვქონდა, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები“.
„ჩვენი მოწოდება საქართველოს მიმართ არის ის, რომ არ მიატოვოს ევროპული გზა. წლებია, ევროპულ საბჭოს ვესწრები და ყველა შეხვედრაზე დომინირებს ერთი რამ: ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც ძალიან მკაფიოა და უდავოა, რომ ამ პოზიციაზე ყოფნას გავაგრძელებთ 2025 წელსაც“, – განაცხადა მეცოლამ.