“იმას, რაც დღეს თბილისის ქუჩებში ვხედავთ, ვერ დადგამ” – ამის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, იმას, რასაც დღეს საზოგადოება დედაქალაქის მთავარ გამზირზე ხედავს “ვერანაირი დიდი ფულით ვერ იყიდი”.
“ჩვენ თვალ წინ ახალი სახელმწიფოს ფორმირება ხდება. როგორ შეუძლია, ამ ხალხს, თვითორგანიზება აბსოლუტურად გაოგნებული ვარ” – დასძენს რეჟისორი.
დავით დოიაშვილის განცხადებით, მსახიობები მინიმუმ ბოლო 4 წელიწადია, სცენიდან ამბობდნენ იმას, რაც აწუხებდა, თუმცა მას შემდეგ, რაც პრობლემებზე ყური არავინ შეიბერტყა, მსახიობები მაყურებლებთან ერთად გავიდნენ გარეთ.
“ყველა იქ, (რუსთაველზე) ცვლილებებისთვის დგას. აღარ გვინდა ამ ერთი ვერტიკალის ყურება. ქართველი ხალხი იმსახურებს ამ ცვლილებებს. ჩემს ერთ მსახიობს, 23 დეკემბერს სასამართლო აქვს, მეორე – დაჭერილია, მესამე ისეთი ნაცემია, როდის აღიდგენს თავის არ ვიცით. დაახლოებით, ჩემი თეატრის ათ მსახიობი წნეხშია – ურეკავენ მათ შვილებს და აბულინგებენ. თეატრების 2 000 ხელმოწერა მიჭირავს, ისინი ანდროს გათავისუფლებას მოითხოვენ. არ შეიძლება ჩვენი შვილების მიმართ ასეთი ფორმებით ბრძოლა – შეუთითხნონ რაღაც ასეთი იდიოტური ბრალდებები და მოსამართლემ ერთი ჩაქუჩის დარტყმით აღასრულოს. 6 წელიწადზეა ხალხო საუბარი! არ შემიძლია, თეატრალურის სტუდენტების მიმართ არ გამოვხატო სოლიდარობა. ამ თაობასთან მონოტონური ტონით არ შეიძლება საუბარი. ამ ხალხს ასე ვეღარ მართავთ, როგორც მართავდით ადრე”- თქვა რეჟისორმა.