გურიის მოამბე

კახა ასკურავა-ოპოზიციის გაერთიანება რეგიონებშიც მოხდება-რა და როგორ? – არ მინდა მოვლენებს დავასწრო

“ამ ერთობით პირველ რიგში ვუპასუხეთ საპროტესტო ელექტორატოს უდიდესი უმრავლესობის დაკვეთას. დიდი ხანია ამას ისინი მოითხოვდნენ, არა მხოლოდ მოითხოვდნენ, არამედ გარკვეულ ზეწოლასაც ახდენდნენ პროდასავლურ ოპოზიციაზე, რომ შემდგარიყო დიდი გაერთიანება. მართალია ამ ეტაპისთვის ყველა პროდასავლური ოპოზიციის ერთობა ვერ მოხდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ კარი მოიხურა და მორჩა. ჩემი აზრით ბოლოს მაინც ყველას ერთად მოგვიწევს საბოლოო ბრძოლის გამართვა იმ დიდი ბოროტების წინააღმდეგ რაც ივანიშვილმა მოიტანა ამ ქვეყანაში. რაც შეეხება რეგიონს,ჩვენს რეგიონში ერთობას,ა მას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევძლოთ,რომ გადავდოთ ყველაფერი გვერდით,განსაკუთრებით წარსული წყენები და გულისტკივილები და დავდგეთ ერთად, რადგან ჩვენს უკან დგას დიდი არმია საპროტესტო ელექტორატის, მათ უნდათ,ისინი ელოდებიან ჩვენს ერთად დანახვას და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ბევრთან პირადად მე უკვე მქონდა უკვე კომუნიკაცია, ბევრი, ჩემი წლების თანამოაზრეა და თანამებრძოლია და დაწმუნებული ვარ, ჩვენს ერთად დგომას წინ ვერაფერი დაუდგება. ძალა მხოლოდ ერთობშია!” განაცხადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთმა ლიდერმა, გურიაში, კახა ასკურავამ. “გურიის მოამბესთან” საუბარში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმების კონკრეტიკას მისივე თქმით-ამაზე აუცილებლად ექნება საზოგადოებას მეტი ინფორმაცია:

“სანამ ლიდერები არ გააკეთებენ განცხადებას, არ მინდა დავასწრო, არ იქნება მართალი ჩემგან. ერთს ნამდვილად გეტყვით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ამ რეჟიმის დასრულებას მაქსიმალირად დააჩქარებს” თქვა მან

ცნობისათვის, ამ დღეებში, ოპოზიციურმა პარტიებმა („კოალიცია ცვლილებისთვის“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“, „თავისუფლების მოედანი“) ალიანსი შექმნეს, რაც, მათი განმარტებით, სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე შეთანხმებას გულისხმობს.

რა პრინციპებზე შეთანხმდნენ

ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ სამ პრინციპზე:

  1. „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“ – „ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე“;
  2. „დემოკრატიული ალტერნატივა“ – გადაწყვეტილებები მიიღება „მონაწილეების თანასწორობის პრინციპითა“ და „გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვით“;
  3. „პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი“ – მიზანია „დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლების“ ჩამოყალიბება, რომელიც „გაატარებს აუცილებელ რეფორმებს“.

„ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, – წერია ერთობლივ განცხადებაში.

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა

რას ამბობენ ლიდერები?

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ფიქრობს, რომ ამ ალიანსით, რომელსაც, მისი შეფასებით, დიდი ელექტორატი ჰყავს, ძირს გამოუთხრიან „ქართულ ოცნებას“:

„ყველა შემოგვიერთდება, ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, ყველა შემოგვიერთდება, ვისაც უნდა გადარჩენა.

აქამდე არ ვიყავით ერთიანები იმიტომ, რომ შინაარსზე ვერ ვთანხმდებოდით. ახლა ასეთი ჟამი დგას და გადაყირავების შანსი გვაქვს!“

„ფედერალისტების“ ლიდერები: გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი
„ფედერალისტების“ ლიდერები: გიგა ბოკერია და თამარ ჩერგოლეიშვილი

„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ, თქვა, რომ არამარტივი კონსულტაციების შედეგად ოპოზიციური ალიანსი შედგა:

„კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს. ამასობაში, ბევრნი ციხეში მოვხვდით, ვიღაცები გამოვედით, ვიღაცები ჯერჯერობით ისევ ციხეში არიან, ვიღაცები კი – არა, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები ქართული საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები, ასევე ჟურნალისტები და სხვები“.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები: ნიკა გვარამია (მარცხნივ) და გიგა ლემონჯავა
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრები: ნიკა გვარამია (მარცხნივ) და გიგა ლემონჯავა

გიორგი ვაშაძე ძალიან მნიშვნელოვანს უწოდებს ოპოზიციური პარტიების საერთო პრინციპებზე შეთანხმებას:

„ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ. ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საბოლოო ჯამში საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები

ვინ არ უერთდება ამ ალიანსს?

ოპოზიციური პარტიებიდან ალიანსში გაერთიანებაზე უარი თქვა ორმა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ. ესენია „ლელო – ძლიერი საქართველო“ და „გახარია – საქართველოსთვის“.

  • პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ დანარჩენ ოპოზიციასთან პრეტენზიები აქვს მანამდე გადადგმულ ნაბიჯებზე. სადავო პარლამენტში ამ პარტიის დეპუტატმა გიგა ფარულავამ თქვა, რომ „საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ მოხდა თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირება, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული. ამ კონკრეტულმა ბოიკოტმა დააზიანა ჩვენი მოქალაქეების ინტერესები თვითმმართველობის არჩევნებზე“.
  • „ლელოში“ აცხადებენ, რომ აქამდე არსებულმა ერთობის ფორმატებმა, რომლებიც „შეჩერდა ან ჩაიშალა“, საზოგადოების ნდობა დააზიანა: „ვთვლით რა საჭიროდ პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას შედეგზე ორიენტირებულ, პრაგმატულ აუცილებლობად, მიგვაჩნია საზოგადოებას შევთავაზოთ ალტერნატიული არჩევანი ოპოზიციაშიც“.

რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“?

„ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციის ამ ალიანსს „კლოუნადა“ უწოდეს. საპარლამენტო ლიდერი ირაკლი კირცხალია ამ საკითხს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

„პრინციპში, არც არასოდეს დაშლილან, მუდამ ერთიანები იყვნენ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში. ამ აგენტურის ადგილი სადაც არის, 2012 წელს განსაზღვრა ქართველმა ხალხმა და ეს ადგილი პოლიტიკური სანაგვეა“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights