“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის, თამარ კორძაიას განცხადებით, პროკურატურის განცხადებით ჩანს, რომ ხელისუფლება დაბნეულია და არ იცის, რა გააკეთოს.
როგორც კორძაიამ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში” განაცხადა, გიორგი გახარიამ თავისი გადადგომით თქვა, რომ მელიას დაკავების საკითხზე გუნდში მსჯელობდნენ და პროკურატურა და სასამართლო არავინაა.
“ჩანს, რომ ხელისუფლება დაბნეულია. მან არ იცის, რა გააკეთოს. ხელისუფლება არ არსებობს. ამას გახარიამ გასცა პასუხი თავისი გადადგომით. გახარიამ თქვა, რომ გუნდში მსჯელობდნენ ნიკა მელიას დაკავება-არდაკავებაზე. პროკურატურა, სასამართლო არავინ არ
არის, გუნდში მსჯელობდნენ და გახარია უმცირესობაში აღმოჩნდა. ამიტომ ხელისუფლება სუსტად გამოიყურება თუ ძლიერად, ამას რა მნიშვნელობა აქვს. გახარიამ ერთი ბრაზით გააშიშვლა, რომ არც ღარიბაშვილი, არც შოთაძე, არც გომელაური, არც თალაკვაძე
და კობახიძე არავინ არაა. მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი. პროკურორს უთხრეს – არიქა, დაგვემხო ქვეყანა თავზე და როგორმე უნდა გავანეიტრალოთ ვითარება. რთულია, ასეთ აბსურდულ ვითარებაში სერიოზული შეფასება გააკეთო. სერიოზული შეფასება არის ის, რაც გახარიამ თქვა, რომ ხელისუფლება არ არსებობს.
შეიძლება ფიქრობენ, რომ მელია გამოიჩენს სისუსტეს და არ მოუნდება ციხეში ყოფნა. შეიძლება ასე მეამიტურად ფიქრობენ. პროკურორი რომ გამოვა და იტყვის, რომ თვითმიზანი მისი ციხეში ჩასმა არ იყო, მაგრამ ორჯერ შევიდა პარლამენტში მისი ციხეში ჩასმის მოთხოვნით, ვინმეს სჯერა, რომ სიტყვებს მიღმა მოქმედებებს არავინ უყურებს?”- განაცხადა კორძაიამ.