საბჭოთა რეპრესიების ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი- 19 წლის ვერა ვარაზაშვილი

1937-1938 წლებში, შსს-ს არქივის ინფორმაციით, საქართველოში დახვრეტილთა და გადასახლებულთა რიცხვმა ათეულობით ათასებს მიაღწია. ე.წ. სამეულმა 1937-1938 წლებში 163 ქალს მიუსაჯა დახვრეტა. მათგან ასაკით ყველაზე პატარა 19 წლის ვერა (ფეფიკო) ვარაზაშვილი იყო.

 

„1937-38 წლების რეპრესიების მსხვერპლ ქალთაგან ყველაზე ახალგაზრდა, 1918 წელს, ბორჯომში დაბადებული 19 წლის ვერა ვარაზაშვილი გახლდათ. ვერას ტრაგედია გარკვეულწილად მამას უკავშირდება. ივანე ვარაზაშვილი 1928 წელს სპარსეთის შაჰის, რეზა-ხან ფეჰლევის მიწვევითა და საბჭოთა მთავრობის ნებართვით ირანში სათავეში ჩაუდგა ირან – ინდოეთის რკინიგზის მშენებლობას. საზღვრების ჩაკეტვისა და აგორებული რეპრესიების გამო ივანე თეირანში დარჩა და იქიდან უგზავნიდა ფულს ოჯახს.

 

მართალია, სამი ვაჟი ჰყავდა, მაგრამ ფულს ვერას სახელზე აგზავნიდა იმ იმედით, რომ პატარა გოგოს ხელს არ ახლდებდნენ. თუმცა მწარედ შეცდა, 19 წლის ვერა ვარაზაშვილი დაპატიმრეს. 1937 წლის 11 აგვისტოს შინსახკომის სამეულმა მას ბრალად ქართული ნაციონალ-სოციალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის აქტიური წევრობა წაუყენა და უმაღლესი ზომა-დახვრეტა მიუსაჯა. შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, სრულიად უდანაშაულო 19 წლის გოგონა 1937 წლის 14 აგვისტოს დახვრიტეს“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share