მორიგი ავარია ლანჩხუთის ცენტრში _ მოსახლეობა დახმარებას ითხოვს!
ლანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ, სადაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აღმაშენებლის ქუჩის გავლით ძველ მთავარ მაგისტრალს უერთდება, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ბვმ-ს მარკის შავი ჯიპი „ნისანის“ მარკის ტაქსს შეეჯახა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, მიუხედავად იმისა, რომ „ნისანზე“ საკმაოდ მძიმე შეჯახება მძღოლის მხარეს მოხდა.
აღნიშნულ მონაკვეთზე ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარედ. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. „მოგვხედონ, სანამ ტრაგედია დატრიალებულა“ _ აცხადებენ ისინი და აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ, თუმცა არ არიან დარწმუნებულები, რომ ეს პრობლემას სრულყოფილად მოაგვარებს. მძღოლების ნაწილი, საგზაო ნიშნების მიუხედავად, ბათუმისკენ გზას პირდაპირ აგრძელებს, რაც საავარიო სიტუაციას ქმნის _ წინა შემთხვევაში შეჯახება სკოლის ეზოს კუთხესთან მოხდა, რის შემდეგაც ავტომობილი ნაგვის ურნას შეეჯახა და სანიაღვრე არხში ჩავარდა.