“ახლა ყველაზე ბერი კაცი მე ვარ თეატრში”-ომარ ურუშაძე 77 წლის გახდა

საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ნიჭიერი მსახიობი, მომღერალი, კოლორიტი ომარ ურუშაძე 77 წლის გახდა: “მთელი ცხოვრება თეატრში მაქვს გატარებული. ჩემს მაყურებელს, ჩემს თეატრს ვენაცვალე.
რა არის იცი? ცხოვრებას უნდა აუწყო ფეხი, თორემ ის არ აგიწყობს ფეხს. აქ რა მსახიობები გვყავდა. იმათ სულს ვენაცვალე მე.

ომარ ურუშაძე ოზურგეთის თეატრის დასს 1966 წელს შემოუერთდა. შემდგომში საქართველოს დამსახურებული არტისტი. 1966 წელს მან პირდაპირ მიაშურა ოზურგეთის თეატრს საშუალო სკოლის ატესტატით, ფრიადოსანის დახასიათებით და ესტრადაზე წარმატებით გამოსვლის დიპლომით. იგი დამწყებ მსახიობად მიღებას ითხოვდა თეატრში. კომისიას, რომელიც მომავალ მსახიობებს არჩევდა, მოეწონა მომღერალი ჭაბუკი და დასში მიიღო. ომარ ურუშაძე გამოირჩევა დახვეწილი გურული იუმორით და სცენური ხიბლით. ახალგაზრდა მსახიობი მალე გახდა ყველასთვის საყვარელი და სასურველი სცენური პარტნიორი. ომარ ურუშაძემ ოზურგეთის თეატრის სცენაზე ასობით როლი შექმნა, როგორც ქართულ კლასიკურ, ისე უცხოურ კლასიკაში. მათ შორის გამორჩეულია: ალი-ბაბა (გ. ნახუცრიშვილის „ალი-ბაბა“), უშია (ვ. კანდელაკის და შ. შამანაძის „გაუმარჯოს სიცოცხლეს“), მათხოვარი (დ. კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვება“), დათო (ლ. თაბუკაშვილის „დედაჩემის საყვარელი ვალსი“) ყარამანი (ა. გეწაძის „ყარამან ყანთელი“), ბეჟანა (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“), კოსტაია (ა. ცაგარელის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), რიფათა გოგიტიძე (ვ. კანდელაკის „დრო, 24 საათი“), კოწია (ე. ნინოშვილის „პარტახი“), ლუარსაბ თათქარიძე (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“), დარისპანი (დ. კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), ნაცარქექია (გ.ნახუცრიშვილის „ნაცარქექია“), მოშიაშვილი (ნ. დუმბაძის „თეთრი ბაირაღები“). ომარ ურუშაძე თეატრში არსებული ვოკალური ანსამბლის „სახიონი“ სოლისტი და წამყვანი მომღერალია.

მაყურებელი არაერთხელ მოხიბლულა მისი „კრიმანჭულით“, სუფთა, წკრიალა ხმით, არტისტულობით.

 1988 წელს, მას საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა. იგი დღემდე მოქმედი არტისტია და აქტიურად განაგრძნობს შემოქმედებით ცხოვრებას.

გადაიღო ლია კილაძემ

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share