ვინ იყო გურულების მფარველი წმინდა ესტატე

ბერძნული ხატი – ევსტატი პლაკიდა ალბრეხტ დიურერი – წმინდა იუსტასი 

1877 წლის 14 (ახალი სტილით 26 აპრილი) აპრილს რუსეთის არმიის ნაწილებმა გურიის მილიციასთან ერთად ბრძოლებით დაიკავა მუხაესტატეს სიმაღლეები. რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა ე.წ. ბათუმის ოპერაციის წარმატებით დამთავრებისათვის. იმ დროისათვის რუსები აჭარის სანაპიროს სრულიად სამართლიანად მუსულმანურ ან/და ოსმალეთის გურიას უწოდებდნენ. მაშინდელ რუსულ წყაროებში აღწერილია მუხაესტატეს და ხუცუბნის სიმაღლეები, მათ შორის საინტერესოა ინფორმაცია სოფელ მუხაესტატეს სახელწოდების წარმომავლობაზე:

– „მუხა-ესტატე ნიშნავს წმინდა ისუტასის მუხას, რომელიც არის გურულების მფარველი წმინდანი“ (ალენ უილიამი – „ბრძოლა კავკასიისათვის“).

წმინდა იუსტასი იგივე დიდმოწამე ევსტათი (ესტატე), ძველ ბიზანტიურ ფრესკებზე გამოისახებოდა წმინდა გიორგისთან ერთად.

ევსტათე პლაკიდა (მეორე საუკუნე, ერისკაცობაში – პლაციდა, ხსენების დღე 3 ოქტომბერი) რომაელი მხედართმთავარი იყო, გადმოცემის თანახმად, ნადირობისას ირემს დადევნებულმა მის რქებში გამოსახული ჯვარზე გაკრული მაცხოვარი იხილა, რომელმაც ჰკითხა:

პლაკიდა რატომ მდევნი მე, მე ვისაც შენი გადარჩენა მსურს?

ნადირობიდან დაბრუნებული ევსტათე, ოჯახთან ერთად, ქრისტიანად მოინათლა. ერთ-ერთ ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ მხედრთმთავარს ღმერთებისათვის ცხოველების მსხვერპლად შეწირვა დაავალეს, რაც არ გაკეთა. წარმართული რიტუალზე უარის თქმის გამო იმპერატორის ბრძანებით ის და მისი ოჯახი ლომებს მიუგდეს დასაგლეჯად, მაგრამ ლომებმა დაგლეჯის ნაცვლად მიუალერსეს.

სხვა წყაროები დიდმოწამე ესტატეს გურულების მფარველობის შესახებ ვერ მოვიძიე, მაგრამ ფაქტია, რომ რუსები დეტალურად აღწერდნენ/სწავლობდნენ დაპყრობილ მხარეებს და მათ მიერ მუხაესტატეს დასახელების განმარტება და გურულების მფარველად მოხსენიება სრულიად ლოგიკურია, თუნდაც იმიტომ რომ მუხა ისევე როგორც ვაზი საქართველოში უძველესი საკულტო მცენარეა, განსაკუთრებით კი სამეგრელოსა და გურიაში, აქედან გამომდინარე მფარველი წმინდანის მუხასთან დაკავშირება საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს, ამასთანავე ეს ყველაფერი უფრო სარწმუნოა ვიდრე საკულტო მუხის ტყვეებით მოვაჭრე ჭანიეთელ გლეხ ესტატესთან დაკავშირება.

მოამზადა კახა ჩავლეშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share