როდესაც მეორე მხარეს არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არამედ რუსი ოლიგარქის აზროვნების ტიპაჟი ზის, იქ პოლიტიკური მოლაპარაკებები სხვა სიბრტყეში გადადის, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმ სალომე სამადაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპელმა პარტნიორებმა ამით შოკი მიიღეს, თუმცა ამბობს, რომ დანიელსონი შვედი დიპლომატია, რომლის ქვეყანაც ამ რეგიონში პოლიტიკურ კრახს არ დაუშვებს, რადგან ის არის აღმოსავლეთ პარტნიორობის დამფუძნებელი.
“როდესაც ერთ მხარეს სხედან პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, რომელიც შეიძლება ვიღაცას მეტად მოსწონს ან ნაკლებად, მაგრამ ჩვენ წარმოვადგენთ ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილი პარტეიბის პოზიციებს. მეორე მხარეს კი ზის არა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, არამედ რუსი ოლიგარქის აზროვნების ტიპაჟი. როდესაც ასეთი წარმომადგენლები სხედან და გელაპარაკებიან, იქ პოლიტიკური მოლაპარაკებები სხვა სიბრტყეში გადადის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კარგად დაინახეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა და ამიტომ მიიღეს მათ განსაკუთრებული შოკი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
კითხვაზე, ხომ არ ჰქონია გუშინდელის შემდეგ კომუნიკაცია ვინმესთან? – სამადაშვილი ასე პასუხობს:
“დანიელსონთან არ მქონია კომუნიკაცია, მაგრამ მთელი დღე მირეკავენ ბრიუსელიდან, ევროპარლამენტის სხვადასხვა წევრები, ხალხი ვინც დაინტერესებულია. იმიტომ, რომ ძალიან დიდი ყურადღებაა ამ პროცესის მიმართ. იმიტომ, რომ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. ბატონი დანეილსონი არის შვედი დიპლომატი. შვედეთი და მათ შორის მისი ახლო მეგობარი ბატონი კარლ ბილდტი არის დამფუძნებელი ევროკავშირის პოლიტიკის, რომელიც ჩვენს რეგიონს შეეხება – აღმოსავლეთ პარტნიორობა. ამიტომ აქ ამ პოლიტიკის კრახს არავინ არ გაატარებს, განსაკუთრებით შვედეთი, რომელსაც პოლიტიკური კაპიტალი აქვს ჩადებული ამ პროექტში ჩადებული”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.