პატრიარქმა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს წიგნის დაწერა დაავალა.
როგორც ილია Ii-მ 18 მარტს ქადაგებისას თქვა, ის ოჯახის ცხოვრებას შეეხება.
“სიონის საპატრიარქო ტაძარს, პროტოპრესვიტერს მამა გიორგის – ვავალებ მისი თაოსნობით დაიწეროს წიგნი “ოჯახის ცხოვრება”, სადაც წარმოჩენილი იქნება როგორ მოუაროს მშობელმა შვილებს და შვილებმა – მშობლებს, როგორ იმკურნალონ, როგორ იშრომონ”.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ეს იქნება უნიკალური, ეკლესიაში დაწერილი, მორწმუნე ხალხის მიერ შედგენილი წიგნი.
“მამა გიორგის ეყოლება კიდევ სხვა დამხმარე ადამიანები. თქვენ თითქმის ყველა უმაღლესი ცოდნით ბრძანდებით, თქვენ არ გაგიჭირდებათ ამ წიგნის დაწერა.
ეს უნდა იყოს გასაგები ენით, ამავე დროს – მეცნიერულად გამართული.
უნდა შედგეს გეგმა, სადაც საუბრები იქნება მედიცინაზე, თავის მოვლაზე, ჰიგიენაზე, სისუფთავეზე, წესრიგზე ოჯახში.
თქვენ იცით რომ ხშირი შემთხვევაა ცოლ-ქმრის დაშორებისა, ამბობენ, რომ ხასიათებით ვერ ვთავსდებითო. ადამიანმა უნდა მოითმინოს, უნდა დაუთმოს, ადამიანმა უნდა იცოდეს, ოჯახის ფასი”. – თქვა ილია მეორემ ქადაგებისას.