ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასჯელაღსრულების დაწესებულის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

ექთანი ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში განუცხადეს, პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია და მას დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე აღენიშნება.

„პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში რეგიონიდან კვირას გადმოიყვანეს. ის იყო ვაქცინირებული. მისი მდგომარეობა დღეს დამაკმაყოფილებელია, მსუბუქია, ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კომპიუტერული ტომოგრაფიის თანახმად, მისი ფილტვების დაზიანება 1 ქულასაც არ შეადგენს. ჰოსპიტალიზაციის დროს ტემპერატურა აღენიშნებოდა, თუმცა, ბოლო ორი დღეა სიცხე არ აქვს. აღენიშნება დაავადებისთვის დამახასიათებელი საერთო სისუსტე, რაც პაციენტის ჯანმრთელობისთვის საგანგაშო და პრობლემატური არაა. ის თავს კარგად გრძნობს“,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურმა.

არსებული ინფორმაციით, ექთანს ვაქცინაციამდე, კორონავირუსზე ტესტი გაუკეთდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.

წყარო

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share