„გალთ ენდ თაგარტმა“ საქართველოში ავტომობილების ბიზნესის შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა.
როგორც ანგარიშიდან ირკვევა, საქართველოში ყოველ ათას მოსახლეზე მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 304-ია, თუ ძველ, გაუქმებულ ავტომობილებს გამოვაკლებთ კი, ეს რიცხვი 234-მდე მცირდება.
„ორივე შემთხვევაში საქართველო მნიშვნელოვნად ჩამორჩება ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (მაგ: პოლონეთში ყოველ 1,000 მოსახლეზე 642 ავტომობილია რეგისტრირებული, ჩეხეთში 562, რუმინეთში 355 და ა.შ). გარდა ამისა, საქართველოში ყოველ 1 000 მოსახლეზე მანქანების განბაჟების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ ნაკლებია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე, რაც მომავალში ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდაზე მიუთითებს,“-აღნიშნულია კლევაში.
რაც შეეხება, გზებზე მოძრავი და გაუქმებული ავტომობილების რაოდენობას, როგორც კვლევიდან ირკვევა, 2020 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, რეგისტრირებული 1.38 მლნ ავტომობილიდან, მხოლოდ 1.06 მლნ არის აქტიური.
„როგორც ჩვენს წინა კვლევაში Regional Hub for Car Trade გვქონდა აღნიშნული, საქართველოს ატოპარკის სტატისტიკა ბევრ ძველ, გაუქმებულ ავტომობილს მოიცავს. აქტიური ავტომობილების რაოდენობის (1.06 მლნ) შესაფასებლად, გამოვიყენეთ შემდეგი მონაცემები:
2019 წელს ტექ-ინსპექტირებული ავტომობილების რაოდენობა;
ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება არ არის სავალდებულო (მაგ: მოტოტრანსპორტი, სასოფლო სამეურნეო და სპეც. ტექნიკა);
ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება არ იყო სავალდებულო 2019 წელს (0-4 წლის მსუბუქი ავტომობილები, მსუბუქი ავტომობილები, რომლებმაც 2018 წელს ნებაყოფლობით გაიარეს ტექ-ინსპექტირება);
ავტომობილები, რომლისთვისაც ტექ-ინსპექტირება სავალდებულო იყო, თუმცა არ გამოცხადდა ინსპექტირების გასავლელად,“-ვკითხულობთ მიმოხილვაში.