ოლიტიკური კანონზომიერება გულისხმობს, რომ პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ თავის ლეგიტიმურ ადგილზე, თავისი მხარდამჭერების ლეგიტიმურ არჩევანსა და ნდობაზე, ამ ადგილს, როგორც წესი, იკავებენ სხვები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ოპოზიციას ორი არჩევანი აქვს ან შევიდეს პარლამენტში ან დარჩეს მარგინალურ ველში.
„სამწუხაროდ, დღეს ოპოზიცია მხოლოდ ორი არჩევანის წინაშე დარჩა: 1. ეს არის შევიდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში, შეასრულოს ის დაკვეთა, რომელიც მისმა ამომრჩეველმა მისცა, პატივი სცეს მოქალაქეების არჩევანს. 2. ბოლომდე გამარგინალდეს და დარჩეს პოლიტიკის მარგინალურ ველში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კანონზომიერება იმასაც გულისხმობს, რომ პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ თავის ლეგიტიმურ ადგილზე და თავისი მხარდამჭერების ლეგიტიმურ არჩევანსა და ნდობაზე, ამ ადგილს, როგორც წესი, იკავებენ სხვები.
საქართველოს პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა და თუნდაც, კონსტიტუციურ ინსტიტუტებზე, როგორიცაა მაგალითად, ცენტრალური საარჩევნო კომისია, ძალადობრივი შეტევა, ეს საქართველოს დემოკრატიის წისქვილზე, რა თქმა უნდა, წყალს არ ასხამს, ეს ის არის, სადაც ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ვეთანხმებით, რომ ოპოზიცია არ უნდა იქცეოდეს ისე, როგორც მოიქცა. სენატში მოწოდებები პირდაპირ იქნა გაკეთებული, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს კანონს. ამაზე ზუსტი და მიზანმიმართული განცხადება შეუძლებელია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთოს“,- განაცხადა თალაკვაძემ.