ვაქცინაციის დაწყებიდან საქართველოში 42 დოზა ვაქცინის დანაკარგია

საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის დაწყების დღიდან ვაქცინის 42 დოზა არის დაკარგული – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, სტატისტიკურად ვაქცინაციის პროცესში ვაქცინის 15 % იკარგება, თუმცა საქართველოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ამ დროისთვის 1%-ს უტოლდება.

“ვაქცინაციის პროცესში იანგარიშება ხოლმე 15 %-იანი დანაკარგი”, – ამბობს გამყრელიძე, – “4 200 ადამიანის აცრის შემდეგ, აქ დანაკარგი გვაქვს 1%”.

დღევანდელი მონაცემებით, ფაიზერით აცრის რიგში 9000 ადამიანია, დედაქალაქში კი ფაიზერის ვაქცინაზე ჯავშნის ყველა გრაფა შევსებულია.

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის 29 250 დოზა, 25 მარტს შემოვიდა. ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ხელმისაწვდომია ასტრაზენეკას და ფაიზერის ვაქცინები. ვაქცინის გაკეთების შესაძლებლობა მედპერსონალსა და 65 წელს ზევით ადამიანებს აქვთ – მათ შეუძლიათ ვაქცინა აირჩიონ.

საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share